მამუკა მდინარაძის ღვაწლი უდიდესია - არჩილ გორდულაძე
"ქართულ ოცნებაში" დღეს მაამუკა მდინარაძის "ღვაწლზე" საუბრობენ და ამბობენ, რომ რეგიონული განვითარების მინისტრის პოლიტიკიდან წასვლა გუნდისთვის "უდიდესი დანაკლისია".
არჩილ გორდულაძის თქმით, "ოცნების" აწ უკვე ყოფილი მაღლაჩინოსნის გადაწყვეტილებას პატივს სცემენ.
„მისი ღვაწლი არის უდიდესი ჩვენი გუნდისთვის. რა თქმა უნდა, მისი წასვლა დანაკლისია. ამავდროულად, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს. მან მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც ყველაზე მეტად [შესაბამისად] ჩათვალა სხვადასხვა პირობიდან გამომდინარე, რომელიც თავად ახსნა.
მან არაერთხელ ახსენა, რომ არაერთი სპეკულაცია და ჭორი მოჰყვება ამ ყველაფერსო [ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები], მაგრამ ისაუბრა ძალიან გულწრფელად. ძალიან გულწრფელი იყო თავის საუბარში. ვინც კი ამ ადამიანს იცნობს, დარწმუნდებოდა მის გულწრფელობაში. თვითონ აქვს ნათქვამი, რომ არავისთვის არასდროს წერილი არ გაუგზავნია. დანარჩენი ყველაფერი არის აბსოლუტური სპეკულაცია,“ - განაცხადა გორდულაძემ.
"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიცე-პრემიერმა და რეგიონული განვითარების მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ გუშინ თქვა, რომ პოლიტიკიდან მიდის. გუშინ გამართულ ბრიფინგზე მან მადლობა გადაუხადა "ქართული ოცნების" წევრებს და ლიდერებს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს.
გადადგომისა და პოლიტიკიდან წასვლის განცხადებას წინ უსწრებდა პატიმრობაში მყოფი ექს-პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილი.
ღარიბაშვილმა მის თანაპარტიელს, მამუკა მდინარაძეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით, უკანონო გარიგების შუამავლობაში დასდო ბრალი. მდინარაძემ შუამავლობა კამერების წინ უარყო და თქვა, რომ ექს-პრემიერი, ორ დღეში გამოქვეყნებულ ორ წერილში, "ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს".
შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ 29 ივლისს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ იქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებდა. მანამდე კი რეგიონული განვითარების სამინისტროს უხელმძღვანელებდა.