კორუფციასთან ბრძოლა თუ შიდა პარტიული ანგარიშსწორება? - რატომ ხვდებიან „ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნები ციხეში
„ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნების გახმაურებული დაკავებები არა კორუფციასთან რეალურ ბრძოლას, არამედ მმართველ გუნდში მიმდინარე შიდა ანგარიშსწორებას უკავშირდება - ასეთ შეფასებებს აკეთებენ „პირველების“ რესპონდენტები. მათი განცხადებით, სისტემაში კომპრომატები არაერთ მაღალჩინოსანზე არსებობს, თუმცა სამართლებრივი დევნა, როგორც წესი, მაშინ იწყება, როდესაც კონკრეტული პირი ხელისუფლების შიდა გავლენებს კარგავს და სისტემის გარეთ აღმოჩნდება.
კორუფციის მკვლევარები ამის ერთ-ერთ მაგალითად ირაკლი ღარიბაშვილის საქმეს ასახელებენ. მათი შეფასებით, მაშინ, როდესაც გამომძიებელი ჟურნალისტები ყოფილი პრემიერისა და მისი ოჯახის ქონებასა და შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე რეპორტაჟებს ამზადებდნენ, მმართველი გუნდი ღარიბაშვილს საჯაროდ იცავდა და მის მიმართ კითხვებს უარყოფდა. ვითარება მას შემდეგ შეიცვალა, რაც ყოფილმა პრემიერმა პოლიტიკური გავლენა დაკარგა - ღარიბაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო და მას ბრალი წარედგინა.
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა არ არის, ეს არის კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ ბრძოლა, იმიტომ, რომ წლების განმავლობაში უამრავი მინიშნება არსებობდა კონკრეტულ საქმეებზე, კონკრეტულ თემებზე, მაგრამ არათუ გამოძიება არ ჩატარდა, არამედ აქეთ ისმოდა ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ ვირაც ჩასაფრებული იყო, ვიღაც მიკერძოებული იყო. წარმოიდგინეთ, როგორ კი მან ეპისტოლეების წერა დაიწყო, ღარიბაშვილის წერილები როდესაც გავრცელდა, მეორე დღიდანვე დაემატა მის საქმეს კიდევ ერთი ქეისი. ანუ, გეგონება "მაჯაში ჰქონდათ", ისე უცბად გამოაჩინეს საკმადო მნიშვნელოვანი და მსხვილი კორუფციული საქმე. მემგონი, ყველა გონიერ ადმაიანს დარჩა შთაბეჭდილება, რომ ეს იყო ერთ-ერთი თაროზე შემოდებული საქმე, ასეთი საქმეები მაღალჩინოსნების წინააღმდეგ არა ერთი და ორია და საჭიროების შემთხვევაში, მათი აქტივაცია შეიძლება დაიწყოს, - ამბობს ქეთევან ენუქიძე.
ანალიტიკოსი სანდრო ქევხიშვილიც მიიჩნევს, რომ გახმაურებული საქმეები შიდაპარტიული ანგარიშსწორების ნაწილია. მისი თქმით, კორუფციული სქემები არ შეცვლილა, იცვლებიან მხოლოდ ადამიანები, რომლებსაც სისტემა კონკრეტულ მომენტში პასუხისგებაში აძლევს.
არაფერი საერთო ამ პროცესს კორუფციასთან ბრძოლასთან არ აქვს. ეს არის შიდა პარტიული გარჩევა, რომლის ფარგლებშიც გამოყენებულია საგამოძიებო მექანიზმები. მილიარდობით ლარია მოპარული ბოლო წლების განმავლობაში ყოფილი თანამდებობის პირების მიერ და ასევე მოქმედი თანამდებობის პირების მიერ, იმიტომ, რომ ის ადამიანები, ვინც ახლა გვერდზე გაიწიეს და ციხეში ჩასვეს და მათ ავიწროებენ, მათ დაცვად მოვიდნენ სხვები და სქემები არ შეცვლილა. ჩვენ ვხედავთ ყოველ თვე ახალ კორუფციულ სკანდალებს, რომლებიც შინაარსით იდენტურია ძველი სკანდალების, უბრალოდ, ეს ადამიანები ახლა პარტიაში არიან მოწინავე ადგილას და მათ არავინ ეხება. თუმცა, შეიძლება მოვიდეს დრო და ამ ადამიანებს ზუსტად იგივენაირი პრობლემები შეექმნათ, როგორც ახლა მათ წინამორბედებს აქვთ და ეს ციკლი, ეს მავნე წრე გაგრძელდება ისევ და ისევ ჩვენი მოქალაქეების ხარჯზე, - ამბობს სანდრო ქევხიშვილი.