"ოცნებაში" ივანიშვილთან დაკავშირებული ფონდის მიერ, თბილისში რესტორნის აშენებაზე პირველი კომენტარი გაკეთდა
ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრები ირწმუნებიან, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელთან დაკავშირებული საქველმოქმედო ფონდი, "ასოციაცია ატუ" შესაძლოა, რესტორანს საქველმოქმედო მიზნებისთვის აშენებდეს.
- "სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის" დამფუძნებლის, ირაკლი აბესაძის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული საქველმოქმედო ფონდი - "ასოციაცია ატუ" მტკვრის სანაპიროზე რესტორანს ააშენებს, რისთვისაც თბილისის მერია 4 078 კვ.მ მიწის ნაკვეთს სარეკრეაციო სტატუსს უუქმებს.
- მისივე ცნობით, იგივე ფონდი ბაკურიანში აპარტამენტებს აშენებს.
"ოცნების" წევრის, დავით მათიკაშვილის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილის კომპანიები მოგებაზე არ არის ორიენტირებული და მოგების თითოეული თეთრი ფონდ "ქართუში" ირიცხება, რომელიც მისივე თქმით, თანხას საქველმოქმედო მიზნით ხარჯავს.
ბიძინა ივანიშვილი და მისი კომპანიები საქართველოში ბიზნესს არ აწარმოებენ, მოგებაზე ორიენტირებული კომპანიები არ არიან და მოგებაზე არ არის საქართველოში ორიენტირებული ბიძინა ივანიშვილი. შესაბამისად სადაც რა კეთდება, ან შენდება, იქიდან მოგებული თითოეული თეთრი გადაეცემა საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" და საქველმოქმედო მიზნებისთვის იხარჯება. მესმის, რომ ნებისმიერი რამ ძალიან აღიზიანებთ და ნერვებს უშლით "ნაცმოძრაობას", მეხუთე კოლონას, მათ მხარდამჭერ და რუპორ ტელევიზიებს, მაგრამ ფაქტი არის ეს," - ამბობს დავით მათიკაშვილი.
"ქართული ოცნების" წევრი, თორნიკე ფაღავა ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა საქველმოქმედო მიზნებით ააშენა ნახევარი საქართველო და არ არის გასაკვირი, რომ ახლაც მსგავსი რამ კეთდებოდეს.
და რა იცით თქვენ, რა მიზნებისთვის შენდება ეს შენობა, იქნებ რას აკეთებენ. გამორიცხავთ? ბიძინა ივანიშვილისგან არ გინახავთ მსგავსი ტიპის ქველმოქმედება, რომ ვიღაცას ბინა გადასცა, ან სახლი გადასცეს, რა იცით რისთვის შენდება ეს შენობა. თუ არის საქველმოქმედო ორგანიზაცია, სავარაუდოდ, საქველმოქმედო მიზნებისთვის აკეთებს სამშენებლო სამუშაოებს, რა არის ამაში გასაკვირი, ან გასაოცარი. ნახევარი საქართველო აქვს აშენებული ბიძინა ივანიშვილს უანგაროდ.
არ ვიცი ზუსტად რაზე მესაუბრებით, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა საქველმოქმედო მიზნებით ააშენა ნახევარი საქართველო და რესტავრაცია გაუკეთა კულტურული მემკვიდრეობის ათი ათასამდე ძეგლს და რა გასაკვირია, რომ რაიმე მსგავსი კეთდებოდეს," - თქვა თორნიკე ფაღავამ.