ირაკლი აბესაძე: ივანიშვილთან დაკავშირებული კიდევ ერთი საქველმოქმედო ფონდი სანაპიროზე რესტორანს ააშენებს
"სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის" დამფუძნებლის, ირაკლი აბესაძის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული საქველმოქმედო ფონდი - "ასოციაცია ატუ" მტკვრის სანაპიროზე რესტორანს ააშენებს, რისთვისაც თბილისის მერია 4 078 კვ.მ მიწის ნაკვეთს სარეკრეაციო სტატუსს უუქმებს.
ირაკლი აბესაძე აღნიშნავს, რომ რესტორნის აშენება საქველმოქმედო საქმიანობა არაა, ხოლო აღნიშნული ორგანიზაცია საშემოსავლო სამსახურის ვებ-გვერდზე საქველმოქმედო ორგანიზაციათა რეესტრშია რეგისტრირებული.
მისივე ცნობით, იგივე ფონდი ბაკურიანში აპარტამენტებს აშენებს.
"ვისი ფულით ეწევა ბიზნესს (არასაქველმოქმედო) საქმიანობას ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდები" - წერს აბესაძე.
ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კიდევ ერთი საქველმოქმედო ფონდი "ასოციაცია ატუ" სანაპიროზე რესტორანს ააშენებს და ამისთვის თბილისის მერია 4078 კვ.მ მიწის ნაკვეთს სარეკრეაციო სტატუსს უუქმებს.
რესტორნის აშენება და მისი მართვა საქველმოქმედო საქმიანობა ნამდვილად არაა, ეს ასოციაცია კი, საშემოსავლო სამსახურის ვებ-გვერდზე სწორედ საქველმოქმედო ორგანიზაციათა რეესტრშია რეგისტრირებული. სხვათა შორის, ზუსტად ეს ფონდი ბაკურიანში აშენებს აპარტამენტებს, რაც ასევე ცალსახად არაა საქველმოქმედო საქმიანობა.
ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდები აშკარად სამეწარმეო საქმიანობით დაკავდნენ, ისე რომ მათი ანგარიშები კანონის დარღვევით გასაიდუმლოებულია და გაურკვეველია ვისი ფულით (შემოწირულობით ხორციელდება ეს საქმიანობები), მაგ: შეგახსენებთ, რომ საქველმოქმედო ფონდმა ქართუმ 452 მილიონი ლარი (!!!) იაფი სესხის სახით (ფაქტობრივად უფასო ფულად) მისცა თავის სამშენებლო და სასტუმრო ბიზნესებს.
მერამდენედ ვსვამ ამ შეკითხვას, ვისი ფულით ეწევა ბიზნესს (არასაქველმოქმედო) საქმიანობას ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდები, რა ფული ტრიალებს იქ: ივანიშვილის?! მისი სანქცირებული რუსი მეგობრების?! ე.წ. შავი ფული?! იქნებ ირანელების ფულიც?!
სანამ ფონდების ანგარიშები საგადასახადო კოდექსის უხეში დარღვევით იმალება და ეს ფონდები ქველმოქმედების საფარქვეშ ბიზნეს საქმიანობას ეწევიან, მანამდე ყველა ეს და კიდევ უფრო მწვავე კითხვები სრულიად ლეგიტიმურია.
კიდევ ერთხელ, აშკარად ყურადღება მისაქცევია, ვისი მილიარდები ტრიალებს ივანიშვილთან დაკავშირებულ საქველმოქმედო ფონდებში, ხომ არაა ეს ერთ-ერთი შავი ხვრელი სანქცირებული რუსების/ირანელების დასახმარებლად ან/და შავი ფულის გასათეთრებლად…" - წერს ირაკლი აბესაძე.