ღარიბაშვილის ოჯახი ამტკიცებს, რომ ექს-პრემიერის განადგურების პროცესი ივანიშვილთან არის შეთანხმებული
პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახი ბიძინა ივანიშვილის ღიად დაუპირისპირდა - ექს-პრემიერის სკანდალური წერილიდან რამდენიმე საათში, მისი ცოლის ძმა, ლექსო თამაზაშვილი წერს, რომ „ირაკლის განადგურების პროცესი" ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე არ განვითარდებოდა.
როგორც თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, "უამრავი ბინძური ჭორითა და „ვარაუდებით“ მოახერხეს ივანიშვილის დარწმუნება პროცესის „აუცილებლობაში“.
საგულისხმოა ერთი დეტალი, ნუნუკა თამაზაშვილის ძმა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს - "ბიძოთი" მოიხსენიებს.
ლექსო თამაზაშვილი საუბრობს ექს-პრემიერის დაჭერებამდე განვითარებულ მოვლენებზეც, როცა ღარიბაშვილის და მისი ოჯახის წევრების სახლში შეიარაღებული სპეცრაზმელები შევიდნენ და ჩხრეკა ჩაატარეს.
თამაზაშვილის თქმით, მაშინ ირაკლი ღარიბაშვილს უთხრა, რომ ბრძოლა იყო საჭირო - "ვუთხარი როცა შენთვის ძვირფასი ადამიანები „გწირავენ“, საკუთარი თავის დაცვა ლეგიტიმურია-თქო , რაზეც მკაცრად გამაჩერა - მე არ წავალ იმ ადამიანის წინააღმდეგ, ვისაც ამდენი სიკეთე აქვს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის გაკეთებულიო".
როგორც ნუნუკა თამაზაშვილის ძმა სოციალურ ქსელში წერს, ღარიბაშვილი მზად იყო ივანიშვილისთვის თავიც შეეწირა - "თქვა რომ თუ ბიძოს მისი დაჭერა-განეიტრალება რაიმეში გამოადგებოდა და ამას აუცილებლობად მიიჩნევდა, მზად იყო, საკუთარი თავისუფლება შეეწირა".
"ირაკლი დარწმუნებული იყო, რომ კობახიძე-მდინარაძის „კინტაური“ დიდხანს არ გაგრძელდებოდა და მათ მიერ ტყუილებით მოპოვებული გავლენები და თანამდებობები საპნის ბუშტებივით გასკდებოდა" - წერს ლექსო თამაზაშვილი.
ბევრს აინტერესებს და მეკითხებიან : მჯერა თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილის გარეშე დაიწყებდნენ „ირაკლის განადგურების პროცესს“ ?
მგონია, რომ მასთან შეთანხმების გარეშე მსგავსი პროცესები არ განვითარდებოდა.
თუმცა ასევე დარწმუნებული ვარ, რომ უამრავი ბინძური ჭორითა და „ვარაუდებით“ მოახერხეს მისი დარწმუნება პროცესის „აუცილებლობაში“.
ვიცი, რომ საზოგადოებისთვის გაუგებარია, რატომ აკეთებს ირაკლი აქცენტს კობახიძე-მდინარაძეზე და არა პირდაპირ ბიძინა ივანიშვილზე.
არ ვიცი, რას ფიქრობს ამასთან დაკავშირებით ირაკლი, მაგრამ მე ჩემს აზრს გეტყვით - იმას, რაც ვიცი და რაც ჩემი თვალით მინახავს.
17 ოქტომბერს, როცა ჩვენს სახლებში ჰოლივუდური სცენარით შემოვარდნა მოხდა - შეიარაღებული სპეცრაზმელები, 30-50 ადამიანი თითოეულ სახლში - ყველაფერი ისე „შეასრულეს“, რომ ჩვენი მხრიდან აგრესია გამოეწვიათ და საჯაროდ დაგვეფიქსირებინა გულისტკივილი. ლეგიტიმური იქნებოდა დაგვეცვა ჩვენი უფლებები, ნებისმიერი კანონიერი საშუალებით.
ირაკლის ვუთხარი, რომ ბრძოლაა საჭირო… როცა შენთვის ძვირფასი ადამიანები „გწირავენ“, საკუთარი თავის დაცვა ლეგიტიმურია და შესაბამისად, მოვუწოდე თავი დაგვეცვა …
რაზეც მკაცრად გამაჩერა და მითხრა:
“ მე არ წავალ იმ ადამიანის წინააღმდეგ, ვისაც ამდენი სიკეთე აქვს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის გაკეთებული. “
და დაამატა, რომ თუ ბიძოს მისი დაჭერა-განეიტრალება რაიმეში გამოადგებოდა და ამას აუცილებლობად მიიჩნევდა, მზად იყო, საკუთარი თავისუფლება შეეწირა.
მითხრა: დღეს ჩვენი ქვეყნის გადარჩენა და ამ მძიმე გლობალური ომებიდან სამშვიდობოზე გაყვანა მხოლოდ ბიძოს შეუძლია და მე, ჩემს პირად უსამართლობაზე ხმის ამოღებით, ამ პროცესს ხელს შევუშლიო.
ვერაფერი ვუპასუხე. მივხვდი, რომ აზრი აღარ ჰქონდა, ჩემი მხრიდან რაიმე დამემატებინა.
ირაკლი დარწმუნებული იყო, რომ კობახიძე-მდინარაძის „კინტაური“ დიდხანს არ გაგრძელდებოდა და მათ მიერ ტყუილებით მოპოვებული გავლენები და თანამდებობები საპნის ბუშტებივით გასკდებოდა.
ესეც ხდება.
თუმცა წასასვლელად გამზადებულმა ტანდემმა მოინდომა, ბოლომდე გაენადგურებინა ირაკლი და მოიფიქრა ბინძური გეგმა:
ბატონი ბიძინას სახელით შეუთვალეს ის, რაც წერილში ვიხილეთ - სრული განადგურება არა მხოლოდ ირაკლის, არამედ მთლიანად ოჯახის, განსაკუთრებით კი შვილების.
წარმოიდგინეთ, როგორ უნდა განვითარებულიყო მათი მომავალი, როცა მამა საკუთარი ნებით აღიარებდა არარსებულ დანაშაულებს და საკუთარ შვილებს აღიარებული კორუფციონერის შვილებად აქცევდა.
ეს უკვე აღარ იყო მხოლოდ საკუთარი თავის გაწირვა.
წერილის გამოგზავნიდან - ივლისის დასაწყისიდან მოყოლებული , უამრავი მცდელობა გვქონდა, რომ სიმართლე გაგვერკვია და ეს ყველაფერი თავიდან აგვერიდებინა.
თუმცა ვერ შევძელით…", - წერს ლექსო თამაზაშვილი.
საეჭვო თვითმკვლელობებზე ირაკლი ღარიბაშვილმა 1 სექტემბერს გამოქვეყნებულ რიგით მეხუთე წერილში ისაუბრა.
- "მდინარაძე-კობახიძის მმართველობის დროს არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებას აქვს კითხვები და მე საჯაროდ ვსვამ ამ კითხვებს" - წერს ღარიბაშვილი წერილში.
ერთადერთი ვისაც ექს-პრემიერი წერილში აკონკრეტებს ეს ლაზარე ჯორბენაძეა - გაზეთ "ასავალ-დასავალის" რესპოდენტი, რომელიც ორ თებერვალს ჟურნალიტს დიტო ჩუბინიძესთვის მიცემულ ინტერვიუში ირაკლი კობახიძეს დავით გარეჯის გაყიდვაში სდებს ბრალს, შემდეგ კი მას გარდაცვლილს პოულობენ.
ცნობისთვის, ლაზარე ჯორბენაძე აპრილის თვეში გარდაცვლილი იპოვეს. უფლებადამცველი 2026 წლის 2 თებერვალს “ასავალ დასავალთან“ მიცემულ ინტერვიუში, ამტკიცებდა, რომ საკუთარი თვალით იხილა აზერბაიჯანთან გაფორმებული დოკუმენტი დავით გარეჯის გადაცემასთან დაკავშირებით, რომელზეც ირაკლი კიბახიძის ხელმოწერა იყო დასმული.