ნიკა გვარამია დარწმუნებულია, რომ ღარიბაშვილს ახალ ბრალს წარუდგენენ
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია დარწმუნებულია, რომ ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს ახალ ბრალს წარუდგენენ.
როგორც პოლიტიკოსმა მთავარ სამმართველოში გამოკითხვის დასრულების შემდეგ თქვა, დარწმუნებულია, რომ მთავრობის ყოფილ მეთაურს ცრუ დასმენის ბრალდებას წაუყენებენ.
გვარამიამ, ასევე ისაუბრა იმ მიმართულებაზეც, რომელზეც მისი თქმით, პროპაგანდა იმუშავებს.
რაც შეეხება გამოკითხვის პროცესს, პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ მისთვის ლაზარე ჯორბენაძის საქმის გარდა სხვა საკითხებზე კითხვები არ დაუსვამთ.
შეკითხვა იყო ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით. რამე ხომ არ ვიცოდი დამატებით. განვმარტე, რომ ამის შესახებ ღარიბაშვილის წერილიდან გავიგე. ის, რომ 208 000 გამომწერი მყავს Facebook-ზე და ამდენმა ადამიანმა გაიგო ამ ეჭვის შესახებ, რა თქმა უნდა, გაიგო.
მე რასაც ვუყურებ,განვითარების ორი მიმართულება იქნება, ეს გამომძიებელზე არ არის დამოკიდებული ცხადია. ერთი არის პროპაგანდისტული: რომ ღარიბაშვილი ებრძვის ბიძინას და გვარამია და სხვა მის გვერდით არიან, რაც მეორე ნაწილში ყოველ შემთხვევაში დანამდვილებით ტყუილია. ყოფილმა პრემიერმა დასვა მძიმე შეკითხვა და ბუნებრივია, რომ ეს ყველას გვაინტერესებს, თუმცა პასუხი ჩვენ არ ვიცით ამ შეკითხვაზე.
მეორე იქნება ღარიბაშვილისთვის ახალი ბრალის წარდგენა, ცრუ დასმენის მუხლით, ამაში დარწმუნებული ვარ"- განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მისი თქმით, მთავრობის ყოფილმა მეთაურმა უნდა გააკეთოს დამატებითი განმარტებები სკანდალურ წერილზე.
3 სექტემბერს პროკურატურამ საგანგებო განცხადება გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ გამოკითხავენ იმ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებმაც ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წერილში დასახელებულ თვითმკვლელობის საქმეებზე კომენტარი გააკეთეს. გამოსაკითხთა სიაშია თავად ირაკლი ღარიბაშვილიც.
მთავარ საგამოძიებო ორგანოში აღნიშნავენ, რომ მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხებიან ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი; ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური.
საეჭვო თვითმკვლელობებზე ირაკლი ღარიბაშვილმა 1 სექტემბერს გამოქვეყნებულ რიგით მეხუთე წერილში ისაუბრა.
- "მდინარაძე-კობახიძის მმართველობის დროს არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებას აქვს კითხვები და მე საჯაროდ ვსვამ ამ კითხვებს" - წერს ღარიბაშვილი წერილში.
ერთადერთი ვისაც ექს-პრემიერი წერილში აკონკრეტებს ეს ლაზარე ჯორბენაძეა - გაზეთ "ასავალ-დასავალის" რესპოდენტი, რომელიც ორ თებერვალს ჟურნალიტს დიტო ჩუბინიძესთვის მიცემულ ინტერვიუში ირაკლი კობახიძეს დავით გარეჯის გაყიდვაში სდებს ბრალს, შემდეგ კი მას გარდაცვლილს პოულობენ.
ცნობისთვის, ლაზარე ჯორბენაძე აპრილის თვეში გარდაცვლილი იპოვეს. უფლებადამცველი 2026 წლის 2 თებერვალს “ასავალ დასავალთან“ მიცემულ ინტერვიუში, ამტკიცებდა, რომ საკუთარი თვალით იხილა აზერბაიჯანთან გაფორმებული დოკუმენტი დავით გარეჯის გადაცემასთან დაკავშირებით, რომელზეც ირაკლი კიბახიძის ხელმოწერა იყო დასმული.