"ეს არის საზოგადოების დაშინების ოპერაცია" - დიღმის მთავარ სამმართველოში გიორგი გიგაური გამოიკითხა
ირაკლი ღარიბაშვილის ციხიდან გავრცელებული წერილის შემდეგ დაწყებული გამოძიების ფარგლებში დიღმის მთავარ სამმართველოში გიორგი გიგაურის დაკითხვა დასრულდა.
მისი თქმით, გამომძიებლებს აინტერესებდათ, ჰქონდა თუ არა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია, რაზეც განაცხადა, რომ არანაირი დამატებითი ფაქტი არ იცის ამის შესახებ.
გიორგი გიგაურის თქმით, "ეს არის საზოგადოების დაშინების ოპერაცია" და ის პოსტში მხოლოდ ღარიბაშვილის აზრების კონსტატაციას ახდენდა.
აინტერესებდათ, რამე დამატებითი ინფორმაცია მაქვს თუ არა ლაზარე ჯორბენაძის იდუმალებით მოსილ გარდაცვალებასთან დაკავშირებით. მე დავუდასტურე, რომ არანაირი დამატებითი ინფორმაცია და ფაქტი არ ვიცი ამის შესახებ. უბრალოდ რამდენადაც მე იმთავითვე მივიჩნიე ჩემთვის, ეს არის ელემენტარული საზოგადოების დაშინების ოპერაცია. მე მეწერა ის, რაც თქვა ღარიბაშვილმა. აბსოლუტურად არაფერი [არ იყო ჩემი ინფორმაცია]. ღარიბაშვილის წერილიდან ფაქტების კონსტატაცია, ანუ მისი აზრების კონსტატაცია [იყო] და ვამბობდი, რომ ღარიბაშვილს აქვს კითხვები," - ამბობს გიორგი გიგაური.
3 სექტემბერს პროკურატურამ საგანგებო განცხადება გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ გამოკითხავენ იმ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებმაც ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წერილში დასახელებულ თვითმკვლელობის საქმეებზე კომენტარი გააკეთეს. გამოსაკითხთა სიაშია თავად ირაკლი ღარიბაშვილიც.
მთავარ საგამოძიებო ორგანოში აღნიშნავენ, რომ მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხებიან ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი; ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური.
საეჭვო თვითმკვლელობებზე ირაკლი ღარიბაშვილმა 1 სექტემბერს გამოქვეყნებულ რიგით მეხუთე წერილში ისაუბრა.
- "მდინარაძე-კობახიძის მმართველობის დროს არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებას აქვს კითხვები და მე საჯაროდ ვსვამ ამ კითხვებს" - წერს ღარიბაშვილი წერილში.
ერთადერთი ვისაც ექს-პრემიერი წერილში აკონკრეტებს ეს ლაზარე ჯორბენაძეა - გაზეთ "ასავალ-დასავალის" რესპოდენტი, რომელიც ორ თებერვალს ჟურნალიტს დიტო ჩუბინიძესთვის მიცემულ ინტერვიუში ირაკლი კობახიძეს დავით გარეჯის გაყიდვაში სდებს ბრალს, შემდეგ კი მას გარდაცვლილს პოულობენ.
ცნობისთვის, ლაზარე ჯორბენაძე აპრილის თვეში გარდაცვლილი იპოვეს. უფლებადამცველი 2026 წლის 2 თებერვალს “ასავალ დასავალთან“ მიცემულ ინტერვიუში, ამტკიცებდა, რომ საკუთარი თვალით იხილა აზერბაიჯანთან გაფორმებული დოკუმენტი დავით გარეჯის გადაცემასთან დაკავშირებით, რომელზეც ირაკლი კიბახიძის ხელმოწერა იყო დასმული.