გამოკითხვები ღარიბაშვილის პოსტის გამო - სასამართლოში გამოკითხვების სერია იწყება
საქალაქო სასამართლოში გამოკითხვების სერია იწყება - ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე გაკეთებული შეფასებების გამო, ოპოზიციონერების გამოკითხვა დღესაც გაგრძელდება.
12:00 საათზე, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, თაზო დათუნაშვილი გამოიკითხება.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ მისი საჯარო განცხადება არ ეხებოდა კონკრეტულად ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებას. მისი თქმით, მისი განცხადება ექსპრემიერის მიერ მოქმედი პრემიერის მიმართ გაკეთებული ბრალდებების შეფასება იყო.
ჩემი საჯარო განცხადება არ იყო ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებაზე. ჩემი საჯარო განცხადებნა ეხებოდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაჟღერებულ ბრალდებაზე მოქმედი პრემიერის, ირაკლი კობახიძის მიმართ, რაც მძიმე ბრალდებაა და ეს შევაფასე პოლიტიკურად, შევაფასე მწვავედ, - ამბობს თამაზ დათუნაშვილი.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე კი 13:00 საათზე გამოიკითხება. პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ გამოძიებით ხელისუფლება ღარიბაშვილის წერილის გარშემო დაწყებული სკანდალიდან ყურადღების გადატანას ცდილობს.
კობახიძე, ღარიბაშვილი, ივანიშვილი, ყველა, მთელი ეს "ქართული ოცნების" ნებისმიერი წარმომადგენელი, მაღალჩინოსანი ერთმანეთს იმსახურებენ, რა თქმა უნდა. და რაც არ უნდა შეეცადონ, რომ მიმართულება შეუცვალონ ამ საქმეს და იმ სიბინძურეს, რომელიც ამოვიდა ზედაპირზე, მაგალითად, კორუფცია, გადაბრალება ერთმანეთზე წარმოუდგენელი სიბინძურის, ეს დარჩება საზოგადოებისთვის ზუსტად ზედაპირზე. ნებისმიერი მიმართულების შეცვლის მცდელობა, არის განწირული, იმიტომ, რომ გაცილებით მეტს იმსახურებს ქართველი ხალხი, ვიდრე ეს კორუფციაში გახვეული საშინელი სისტემა, - ამბობს დეკანოიძე.
არსებული ინფორმაციით, სასამართლოში, გამოკითხვაზე მივა ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანიც. ჟორჟოლიანი გამოკითხვაზე ოპოზიციონერებისა და ჟურნალისტების დაბარებას ირაკლი კობახიძის პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირებს. მისი შეფასებით, ამ პროცესით კობახიძე ღარიბაშვილის დისკრედიტაციას და მის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებას ცდილობს.
ჩვენი დაკითხვაზე დაბარება სრულიად უაზრო და დაგამოუსადეგარი გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძის ემსახურება იმას, რომ ღარიბაშვილს ნაცობას სტენის და ბიძინა ივანიშვილს უმტკიცებს, რომ ღარიბაშვილი ამ ყველაფერს იმიტომ ამბობს, რომ ნაცია. არ გამოუვა, იმიტომ, რომ ირაკლი კობახიძე ქოციც კი არ არის და ირაკლი კობახიძეზე ბევრად უფრო მეტად ქოცია ღარიბაშვილი. ორთოდოქს ამომრცევლებში ირაკლი კობახიძე არის დანიშნული პრემიერ-მინისტრი და ირაკლი ღარიბაშვილი არის ქოცი პრემიერ-მინისტრი. ამიტომ რაც არ უნდა გააკეთოს ირაკლი კობახიძის, ის, რომ ნაცობა შესტენოს ირაკლი ღარიბაშვილს, ჩაუვარდება ეს სპეცოპერაცია ისევე, როგორც ბოლო პერიოდში ბევრი რამ უვარდება. ჩემი ინფორმაციით, მამუკა მდინარაძის შემდეგ ვინც დღის წესრიგში უდგას ბიძინა ივანიშვილის, ეს თავად ირაკლი კობახიძეა, - ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.
ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების შესახებ 14:00 საათზე კითხვებსდაუსვამენ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერს, ირმა ინაშვილს.
3 სექტემბერს პროკურატურამ საგანგებო განცხადება გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ გამოკითხავენ იმ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებმაც ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წერილში დასახელებულ თვითმკვლელობის საქმეებზე კომენტარი გააკეთეს. ციხეში გამოკითხეს თავად ირაკლი ღარიბაშვილიც.
მთავარ სამმართველოში გამოკითხეს პოლიტიკოსი ნიკა გვარამია; პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი და პუბლიცისტი გიორგი გიგაური.
საეჭვო თვითმკვლელობებზე ირაკლი ღარიბაშვილმა 1 სექტემბერს გამოქვეყნებულ რიგით მეხუთე წერილში ისაუბრა.
- "მდინარაძე-კობახიძის მმართველობის დროს არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებას აქვს კითხვები და მე საჯაროდ ვსვამ ამ კითხვებს" - წერს ღარიბაშვილი წერილში.
ერთადერთი ვისაც ექს-პრემიერი წერილში აკონკრეტებს ეს ლაზარე ჯორბენაძეა - გაზეთ "ასავალ-დასავალის" რესპოდენტი, რომელიც ორ თებერვალს ჟურნალიტს დიტო ჩუბინიძესთვის მიცემულ ინტერვიუში ირაკლი კობახიძეს დავით გარეჯის გაყიდვაში სდებს ბრალს, შემდეგ კი მას გარდაცვლილს პოულობენ.
ცნობისთვის, ლაზარე ჯორბენაძე აპრილის თვეში გარდაცვლილი იპოვეს. უფლებადამცველი 2026 წლის 2 თებერვალს “ასავალ დასავალთან“ მიცემულ ინტერვიუში, ამტკიცებდა, რომ საკუთარი თვალით იხილა აზერბაიჯანთან გაფორმებული დოკუმენტი დავით გარეჯის გადაცემასთან დაკავშირებით, რომელზეც ირაკლი კიბახიძის ხელმოწერა იყო დასმული.