დავიდა შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე - კობახიძე ღარიბაშვილს პასუხობს

07.09.26 11:42
დავიდა შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე -  კობახიძე ღარიბაშვილს პასუხობს

ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებებს პირველად პასუხობს - "ქართული ოცნების" მოქმედმა პრემიერმა, მისი წინამორბედის განცხადებებს "სასაცილო და ტრაგიკული" უწოდა. 

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი "დავიდა შავბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე":

ერთადერთი კომენტარი, რაც ამ წერილებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ეს არის უბრალოდ სასაცილო და ტრაგიკული, უფრო მეტ სიღრმეში არ შევალ მარტივი, ეთიკური მოსაზრებიდან გამომდინარე, ეს ადამიანი ჩემამდე იკავებდა ამ თანამდებობას - პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, ეს მაკავებს იმისგან, რომ რამე ღრმა კომენტარი გავაკეთო ამ წერილებთან დაკავშირებით. მეორე, იმდენად არასერიოზულია თავად ამ წერილების შინაარსი, რომ ესეც არ მაძლევს სერიოზულად რამე კომენტარის გაკეთების შესაძლებლობას“, - აცხადებს კობახიძე.

კითხვას, ვინ დგას „ცრუ კამპანიის“ უკან, კობახიძემ  უპასუხა, რომ ეს „დამალული არც არის“.

ფაქტია, ვინც ავრცელებს ასეთ ინფორმაციას, ასეთ სიყალბეს, ის დგას უკან, ეს არც არის დამალული, მარტივად არის გამჟღავნებული, არიან ძალები, რომელთაც მაინც და მაინც კარგი რეპუტაცია არ აქვთ. ძალიან სამწუხაროა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი დავიდა კონკრეტული შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე, ეს ძალიან სამწუხარო და ტრაგიკული მოვლენაა“, - აცხადებს კობახიძე.

ამასთან, კობახიძე უარყოფს „ასავალ-დასავალის“ რესპონდენტის, ლაზარე ჯორბენაძის გავრცელებულ ინფორმაციას.

  • ჯორბენაძის მტკიცებით, კობახიძემ ილჰამ ალიევთან ხელი მოაწერა საიდუმლო შეთანხმებას და დათმო დავითგარეჯის ნაწილი.

არ ვიცი ამაზე რა უნდა გითხრათ, ადამიანი გარდაცვლილია, არ მინდა მასზე რაიმე ისეთი ვთქვა, მაგრამ ფაქტია, მისი მეშვეობით გავრცელდა უმარტივესი ტყუილი, რომელიც მგონი, ძალიან მარტივად გაშიფვრადია. ის საუბრობდა კონკრეტულ ხელშეკრულებაზე, რომელიც გაფორმდა. ასეთი ხელშეკრულება საიდუმლოდ ვერ ფორმდება. თქვენ იცით, რომ მთავრობის ყველა აქტი არის ღია და გამჭვირვალე. ვერცერთი ასეთი შეთანხმება საიდუმლოდ ვერ გაფორმდება. აქედან გამომდინარე, ძალიან მარტივი ტყუილი გაავრცელებინეს ამ კაცს. ეს არის ტრაგიკული პიროვნება, რომელმაც შემდეგ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. ამასთან დაკავშირებით არის მისი ოჯახის წევრის ჩვენება და ასე შემდეგ. ადამიანზეა საუბარი, რომელიც ბინაში იყო, როდესაც ეს ფაქტი მოხდა. აქედან გამომდინარე, ძალიან მძიმეა ამ თემაზე საუბარიო. კაცი გარდაცვლილია და უნდა ვილაპარაკო იმაზე, რომ ტყუილი დააწერინეს, არ არის ეთიკური ამ ყველაფერზე საუბარი“,-განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება პროკურატურაში მის შესაძლო გამოკითხვის ფაქტს, კობახიძე ამბობს, რომ გამსაკითხ სიაში ის არ არის. 

პროკურატურამ ვინც ჩათვალა საჭიროდ, ის დაიბარა, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია. ადამიანები გამოვიდნენ კონკრეტული ბრალდებებით, რაც არ უნდა არასერიოზული იყოს ეს ბრალდება, პროკურატურას მაინც აქვს პასუხისმგებლობა, დაიბაროს ადამიანები და გამოკითხოს ისინი. ეს არის სამართლებრივი პროცედურები, რაც წარიმართება. მე რაზე უნდა გავაკეთო კომენტარი? ეს დაახლოებით რა დონის ტყუილია იცით? ვიღაცამ რომ თქვას, პარლამენტმა მიიღო კანონი დავით გარეჯთან დაკავშირებითო, დაახლოებით ამ დონის ტყუილია. როგორ შეიძლება ასეთ რამეზე სერიოზული მსჯელობა წარიმართოს“, - განაცხადა კობახიძემ.

    შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ყოფილმა პრემიერმა კითხვები დასვა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალურ მიზეზებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ საზოგადოებაში პასუხგაუცემელი კითხვები რჩება რამდენიმე ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტზე, რომლებიც, მისი თქმით, „კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“ მოხდა.

    ღარიბაშვილის წერილისა და სხვა საჯარო განცხადებების შემდეგ პროკურატურამ განაცხადა, რომ შსს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარეს არაერთი პოლიტიკოსი და საზოგადოებისთვის ცნობილი პირი, მათ შორის ნიკა გვარამია, ირმა ინაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ხატია დეკანოიძე, თაზო დათუნაშვილი, გია ხუხაშვილი და სხვები.

    მსგავსი სიახლეები