რას მალავს "ოცნება" ჩორჩანას საგუშაგოზე - გახარია გუნდი პასუხებს ითხოვს

09.09.26 15:32
რას მალავს "ოცნება" ჩორჩანას საგუშაგოზე - გახარია გუნდი პასუხებს ითხოვს

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ცდილობს ჩორჩანას ტერიტორია საკუთარ მიწად გაასაღოს, რასაც „ქართული ოცნება“ დუმილით ხვდება - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საგანგებოდ გავრცელებულ განცხადებაში წერს. 

ექს-პრემიერის პარტია ასე ერგნეთში გამართულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ბოლო შეხვედრას ეხმაურება.

„ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ ერთხელ აგრესიულად მოითხოვა სოფელ ჩორჩანაში ქართული პოლიციის საგუშაგოს გაუქმება და, შესაბამისად, აღნიშნული ქართული ტერიტორიების საოკუპაციო ძალებისთვის გადაცემა.

საოკუპაციო რეჟიმი უსინდისოდ ცდილობს ჩორჩანას ტერიტორია საკუთარ მიწად გაასაღოს, ხოლო „ქართული ოცნება“ ამ ყველაფერს დუმილით ხვდება და საზოგადოებას უმალავს ინფორმაციას როგორც ცხინვალის რეჟიმის მოთხოვნებზე, ისე საკუთარ საპასუხო პოზიციაზე.

იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება ეროვნულ ინტერესებს იცავდეს, „ქართული ოცნება“ ასამართლებს საქართველოს ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს ჩორჩანაში ქართული პოლიციის საგუშაგოს განთავსებისა და ქართული მიწის მცოცავი ოკუპაციისგან დაცვის გამო.

„ქართული ოცნების“ უწყვეტი დუმილი ჩორჩანასთან დაკავშირებით აჩენს მძიმე ეჭვებსა და შეშფოთებას ხელისუფლების შესაძლო მზაობაზე, ჩაიდინოს ღალატის უპრეცედენტო აქტი და ქართული მიწები საოკუპაციო რეჟიმს დაუთმოს. იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ჩორჩანას საპოლიციო საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულია და ამ აქტში მონაწილე თითოეული პირი პასუხს აგებს კანონისა და ისტორიის წინაშე.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია ქართველ ხალხს ჩორჩანასთან დაკავშირებით საკუთარი განზრახვების შესახებ და ვაფრთხილებთ „ქართულ ოცნებას“, არ გადადგას არცერთი ნაბიჯი, რომელიც საოკუპაციო ძალებისთვის ქართული ტერიტორიების დათმობას დაუშვებს“, – აცხადებენ პარტიაში. 

 

მსგავსი სიახლეები