ნანუკა ჟორჟოლიანი გიორგი ბარამიძისთვის სამშობლოს ღალატის მუხლით ბრალდების წარდგენას "სამარცხვინოს და ცინიკურს" უწოდებს

11.09.26 22:06
ნანუკა ჟორჟოლიანი გიორგი ბარამიძისთვის სამშობლოს ღალატის მუხლით ბრალდების წარდგენას "სამარცხვინოს და ცინიკურს" უწოდებს

"სამშობლოს ღალატია "ქართული ოცნების", ბიძინა ივანიშვილის მიერ დასმული ოთარ ფარცხალაძე, რომ გენერალური პროკურორი იყო" - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის დაკავებას, ტელეწამყვანი და კამპანია "მე მიყვარს საქართველოს" დამფუძნებელი, ნანუკა ჟორჟოლიანი. 

მისი თქმით, სამარცხვინო და ცინიკურია, რომ პირველი ადამიანი, რომელიც სამშობლოს ღალატის მუხლით დააკავეს გიორგი ბარამიძეა. მაშინ, როდესაც მსგავსი ბრალდება არ წარუდგენიათ ოთარ რომანოვ-ფარცხალაძისთვის. 

თუ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ამ ქვეყანაში გაკეთებული განცხადებებისთვის ადამიანები ისჯებიან, ყველაზე მოღალატეობრივი, ყველაზე სამარცხვინო განცხადება გააკეთა "ქართულმა ოცნებამ" და არაერთმა ლიდერმა, როდესაც საქართველო დაადანაშაულა ომის დაწყებაში, როდესაც მოგვთხოვეს ბოდიშის მოხდა სეპარატისტებისთვის, როდესაც "პიარს შეწირული" უწოდეს ანწუხელიძეს. თუ რამე სამშობლოს ღალატს აღწერდა, ეს იყო ყველას გაკეთებული განცხადება, თუ ადამიანები პოლიტიკური განცხადებებისთვის, მათ შორის სამარცხვინო, უპატიებელი განცხადებებისთვის რაიმე სამართლებრივ ფასს უნდა იხდიდნენ. 

თუ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ამ ქვეყანაში ფასს უნდა იხდიდნენ ქმედებისთვის, თუ რა არის სამშობლოს ღალატი, სამშობლოს ღალატია "ქართული ოცნების", ბიძინა ივანიშვილის მიერ დასმული ოთარ ფარცხალაძე, რომ გენერალური პროკურორი იყო, დღეს რომ მოსკოვშია, რუსული გვარი რომ მიიღო, შეკვეთილი მკვლელობისთვის რომ იძებნება, ევროპელი მოხუცები რომ ძარცვა, ფული რომ ათეთრა, ახლა რაღაც დანაყოფი რომ შექმნა და რომ მიდის უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად. 

თუ ჩვენ ვსაუბრობთ ქმედება რა არის სამშობლოს ღალატი, ოთარ ფარცხალაძეს რომ არ წარუდგენ, კაცი, რომელიც მოსკოვში რუსული გვარით ოპერირებს და კანონიერ ქურდებთან დღის წესრიგს ქმნის, ამ კაცს თუ არ წარუდგენ ბრალს სამშობლოს ღალატისთვის, რა სამარცხვინო და ცინიკურია, რომ პირველი ადამიანი, რომელიც ამ მუხლით დაიჭირეს არის გიორგი ბარამიძე," - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა. 

პროკურატურამ გიორგი ბარამიძეს ბრალი საბოტაჟის მუხლით წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვს. 

პოლიტიკოსის დაკავების საბაბად საგამოძიებო ორგანო  ივლისში იაგო ხვიჩიას გადაცემა „საქართველოს დაბადებაში“ აფხაზეთის ომის შესახებ გაკეთებული განცხადებას ასახელებს.

ბარამიძე საკუთარ სახლში დღეს, 11 სექტემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე დააკავეს.

„გიორგი ბარამიძეს ბრალდება სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ფაქტზე წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - განაცხადეს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე. 

მსგავსი სიახლეები