"ვერცერთი პროკურორი ვერ ამიხსნის, რაც ბარამიძემ ჩემს გადაცემაში თქვა, იმას რა კავშირი აქვს სამშობლოს ღალატთან?!" - იაგო ხვიჩია
ვერცერთი პროკურორი ვერ ამიხსნის, რაც ბარამიძემ ჩემს გადაცემაში თქვა, იმას რა კავშირი აქვს სამშობლოს ღალატთან?!" - ამის შესახებ იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში წერს და "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება.
იაგო ხვიჩიას სურს, საჯაროდ გაირჩეს, თუ რას ედავებიან ოპოზიციის წარმომადგენელს.
ვერცერთი პროკურორი ვერ ამიხსნის, რაც ბარამიძემ ჩემს გადაცემაში თქვა, იმას რა კავშირი აქვს სამშობლოს ღალატთან?!
მინდა ბარამიძის საქმის პროკურორი გამოვიდეს და თქვას რას ედავება, მინდა საჯაროდ გაირჩეს ყველაფერი!
მთელი თქვენი პროპაგანდა სამართლიანობის აღდგენაზე იყო, რას არ აბრალებდით ბარამიძეს და ბოლოს ჩემი გადაცემის გამო დაიჭირეს?" - წერს იაგო ხვიჩია.
პროკურატურამ გიორგი ბარამიძეს ბრალი საბოტაჟის მუხლით წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვს.
პოლიტიკოსის დაკავების საბაბად საგამოძიებო ორგანო ივლისში იაგო ხვიჩიას გადაცემა „საქართველოს დაბადებაში“ აფხაზეთის ომის შესახებ გაკეთებული განცხადებას ასახელებს.
ბარამიძე საკუთარ სახლში დღეს, 11 სექტემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე დააკავეს.
„გიორგი ბარამიძეს ბრალდება სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ფაქტზე წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - განაცხადეს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე.