რუსული გეგმა! ზუსტად ამას მიყვება "ოცნების" დაპატიმრებების სია - ელენე ხოშტარია ბარამიძის დაკავებაზე
რუსული გეგმა! ზუსტად ამას მიყვება ქართული ოცნების დაპატიმრებების სია" - ასე ეხმაურება გიორგი ბარამიძის დაკავებას პატიმრობაში მყოფი "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია.
რუთავის ქალთა ციხიდან გამოგზავნილ წერილში, პოლიტიკოსი წერს, რომ იმ ადამიანების სია, რომლებიც ოკუპანტის წინააღმდეგ იბრძოდნენ რუსეთიდან არის გადმოცემული და სწორედ ამას ემსახურება ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის დაკავებაც.
"ჩვენ, ქართულმა საზოგადოებამ, ოპოზიციამ, მოქალაქეებმა, აუცილებლად უნდა გავცეთ პასუხი რუსეთს ამ ვითარებაში" - წერს წერილში ხოშტარია.
აბსოლუტურად ყველა ადამიანს, ვინც იბრძოდა რუსეთის წინააღმდეგ, მეთოდურად იჭერენ. ირაკლი ოქრუაშვილი, ალეკო ელისაშვილი, ახლა გია ბარამიძეც...
უტყუარია, რომ რუსეთიდან გადმოცემულია იმ ადამიანების სია, რომლებიც, მათი ჭკუით, უნდა „დაისაჯონ“.
ასევე, ბოლო დროს კობახიძის რიტორიკა ე.წ. რაღაცა რუსოფობიაზე, გეორგიევსკის ტრაქტატზე, აბსოლუტურ სინქრონშია ფარცხალაძე - რომანოვთან. სიმონიანის გინებისთვის საქმის აღძრა კი, კიდევ ახალ ეტაპზე გადასვლაა. უკვე ძალიან ღიად ესაუბრებიან რუსეთს. ეს, თავისთავად, იმის ნიშანია, რომ მათ უწევთ საბოლოო არჩევანის გაკეთება.
ჩვენ, ქართულმა საზოგადოებამ, ოპოზიციამ, მოქალაქეებმა, აუცილებლად უნდა გავცეთ პასუხი რუსეთს ამ ვითარებაში.
ეს შემოდგომა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ოცნებაში არის დიდი კრიზისი და სწორედ ამ კრიზისის ზრდის ფონზე შემოაგდეს ოპოზიციაში ბევრი ისეთი თემა, რომელიც ყურადღების გადატანას ემსახურება. ასევე, ამ შემოდგომის ბოლოს იქნება მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსთან დაკავშირებით. გამწვავებულია რუსეთ-ირანის თანამშრომლობის საკითხი. ამიტომ, ჩვენი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ამოცანაა, დასავლეთს ვაჩვენოთ, რომ საქართველო, მიუხედავად ყველაფრისა, ზუსტად სიტუაციის შესაბამისად აგრძელებს პროტესტს.
დიდი პროტესტის არჩვენება ამ შემოდგომაზე იქნება ნიშანი ყველასთვის, რომ ჩვენ, ხალხი, დავიღალეთ. ეს დაუშვებელია! შესაბამისად, ერთადერთი ყველაზე სწორი, ადეკვატური და აუცილებელი პასუხი არის - დიდი ანტი-საოკუპაციო აქცია! შესაძლოა, ნოემბერში. ეს შეთანხმების საგანია, მაგრამ ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი.
უნდა ვანახოთ, რომ ქვეყნის დაცვაში, თავისუფლების დაცვაში, ბევრად უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე ისინი ქვეყნის გაყიდვაში.
12/09/2026"- წერს წერილში ელენე ხოშტარია.
ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში სწორედ ენმ-ს ლიდერისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ. საქმეს მოსამართლე ეკა ბარბაქაძე იხილავს.
პროკურატურამ გიორგი ბარამიძეს ბრალი საბოტაჟის მუხლით წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვს.
პოლიტიკოსის დაკავების საბაბად საგამოძიებო ორგანო ივლისში იაგო ხვიჩიას გადაცემა „საქართველოს დაბადებაში“ აფხაზეთის ომის შესახებ გაკეთებული განცხადებას ასახელებს.
ბარამიძე საკუთარ სახლში დღეს, 11 სექტემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე დააკავეს.