როგორ აღმოჩნდა ჩემოდანში ჩალაგებული მილიონები ღარიბაშვილის სახლში და სად არის ექსპრემიერის ძვირფასეულობა?
როგორ აღმოჩნდა ჩემოდანში ჩალაგებული მილიონობით დოლარი ირაკლი ღარიბაშვილის სახლში? - ინფორმაცია, რომელსაც 2025 წლის 17 ოქტომბრიდან დღემდე, თითქმის 1 წლის განმავლობაში, ექს-პრემიერის და მისი ოჯახი საჯაროდ არ ყვებოდნენ, მათი ახლობლების წრეში უკვე თვეებია განხილვის საგანია. ვერსია, რომელსაც "შაბათის ეთერს" უყვებიან, ასეთია:
- ირაკლი ღარიბაშვილს "ქართული ოცნების" მმართველი რგოლი, შუამავლის საშუალებით დაუკავშირდა. შუამავალი, დაუდასტურებელი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაურია. ეს ის დროა, როდესაც ღარიბაშვილმა უკვე იცის, რომ მასზე ნადირობენ და დაჭერას უპირებენ. ერთ-ერთი ვერსიით, გომელაური ღარიბაშვილს გადასცემს დანაბარებს, რომ თუ შვიდ მილიონს მიიტანს, პატიმრობას გადაურჩება. ექსპრემიერი ფულის მობილიზებას იწყებს და შუამავალს ატყობინებს, რომ მზად არის, თუმცა ფულის წასაღებად სანდო კაცის ნაცვლად, მოსაშვილის 10 ნომერში სუს-ის სპეცრაზმი შედის. ეს ვერსია ემთხვევა იმ მინიშნებებს, რომელზეც ჯერ ღარიბაშვილი წერდა, შემდეგ კი მისი ცოლის ძმა აკონკრეტებდა.
ამ თემაზე ლექსო თამაზაშვილისგან არც დასტური არსებიბს, მაგრამ არც უარყოფა, რაც ანალიტიკოსებს აფიქრებინებთ, რომ ღარიბაშვილი სავარაუდოდ, სწორედ ფულის შეგროვების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს გულისხმობს, როცა ამბობს, რომ "არაკაცურად მოექცნენ".
ვინ იდგა სპეცოპერაციის უკან?! ამ კითხვაზე პასუხის მიღება ვახტანგ გომელაურისგან ფიზიკურად შეუძლებელია, ის მედიისთვის ხელმისაწვდომი არ არის. ფაქტია ისიც, რამ ირაკლი ღარიბაშვილის ჩხრეკისა და სუს-ში მოწყობილი საგანგებო ბრიფინგების ავტორი, უსაფრთხოების სამსახურის შეფად ახლად დანიშნული მამუკა მდინარაძე იყო. ის ხელმძღვანელობდა 2025 წლის 3 სექტემბრიდან უწყებას, რომელმაც ირაკლი ღარიბაშვილი დაიჭირა.
არის კიდევ ერთი დეტალი, ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ფულის გარდა ღარიბაშვილის სახლიდან სხვა ძვირაფასი ნივთები არ ამოუღიათ. არადა, წლების განმავლობაში არა ერთ ფოტოზე, ასობით ათასი დოლარის ღირებულების მხოლოდ საათებს ვხედავდი. ჩნდება კითხვა - სად არის ეს ძვირფასეულობა?
- ძვირადღირებული აქსესუარები ხელნაკეთი ციფერბლატებით, ალიგატორის ტყავის სამაჯურებითა და ოქროზე გრავირებული პორტოფინოს ნავსადგურებით, ჯამში ნახევარი მილიონის ღირებულებისაა. თითოეულის ფასი 18 ათასიდან იწყება და 300 ათასს აღწევს. ეს რაც დავინახეთ და საჯაროდ გამოაჩინა, რადგან დეკლარაციებში ღარიბაშვილს, ამ ქონების შესახებ არასდროს არაფერი ჩაუწერია.
ერთ ერთი ვერსიით, რომელსაც "შაბათის ეთერს" უყვებიან, არის შემდეგი: "ქართულ ოცნებასთან" ურთიერთოების დაძაბვის შემდეგ, როდესაც ღარიბაშვილი მიხვდა, რომ შესაძლოა, მასზე სისხლის სამართლის საქმე აღეძრათ, ყველა ფასიანი ნივთი ქვეყნიდან გაიტანა.