მდინარაძე წავიდა - ვინ რჩება ექს-პროკურორის გარემოცვიდან პოსტზე და ვის შეიძლება "გაწიონ"

12.09.26 20:47
მდინარაძე წავიდა -  ვინ რჩება ექს-პროკურორის გარემოცვიდან პოსტზე და ვის შეიძლება "გაწიონ"

მამუკა მდინარაძე პოლიტიკიდან წავიდა, მისი გარემოცვად მიჩნეული ხალხი კი თანამდებობაზე რჩება. "შაბათის ეთერი" არკვევდა, ვინ რჩება და ვის უპირებენ "გაწევას".

გიორგი გვარაკიძისა და მამუკა მდინარაძის მეგობრობა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აუდიტორიებიდან იწყება. მდინარაძის გავლენიანობამდე, ახლანდელი მთავარი პროკურორი, წლების განმავლობაში იმერეთში მუშაობდა. 2019 წლიდან გადმოჰყავთ ის დედაქალაქში და სწორედ ამის შემდეგ იწყება მისი დაწინაურების პროცესი და საქართველოს პროკურორობაც.

ზურაბ ბელთაძეც მამუკა მდინარაძის მეგობარია. ის საქართველოს მთავრი პროკურორის მოადგილეა. ბელთაძე პირველი მოადგილე იყო, თუმცა მას შემდეგ რაც შინაგან საქმეთა მინისტრად სულხან თამაზაშვილი დაინიშნა, ის მინისტრის კადრით, კახა მურადაშვილით ჩაანაცვლეს, ბელთაძე კი რიგით მოადგილედ გადაიყვანეს. ბელთაძეს და მდინარაძესაც ბევრი წელი და საადვოკატო საქმიანობა აკავშირებთ. მთავარი პროკურორის პირველ მოადგილედ ბელთაძე, პირდაპირ საადვოკატო ბიუროდან 2025 წლის მაისში მიიყვანეს. "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, მდინარაძის მეგობარი ამ ეტაპზე თანამდებობას მხოლოდ ფორმალურად ინარჩუნებს და მისი დღეები უკვე დათვლილია.

ბუნდოვანია ავთანდილ კუნჭულიას ბედიც. ის მამუკა მდინარაძის გვერდით ჯერ კიდევ პარლამენტში გამოჩნდა. გაჰყვა სუსში და მდინარაძის სუსიდან წამოსვლის შემდეგ იქიდანაც წამოვიდა. კუნჭულიას ახლა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თანამდებობა უკავია, თუმცა რამდენად სტაბილურია მისი მდგომარეობა, ამის თქმა ოჯახის წევრებსაც უჭირთ.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილის, გიორგი გელაშვილისა და მდინარაძის გზები 2001 წელს ვაკე-საბურთალოს საგამოძიებო ნაწილში მუშაობისას გადაიკვეთა. გამომძიებლობის 3 წლიანი გამოცდილების შემდეგ ორივემ ხელი საადვოკატო საქმიანობას მიჰყო, 2006 წლიდან კი ბიზნესპარტნიორებიც გახდნენ. კორუფციის მკვლევარები მდინარაძის მეგობრის ქეისს, ნეპოტიზმის კლასიკურ მაგალითად განიხილავენ:

  • მამუკა მდინარაძის მეგობარი გიორგი გელაშვილი ფინანსთა სამინისტროს მაღალჩინოსანი, საჯარო სამსახურში სტაჟის 20 წლიანი წყვეტის შემდეგ, 2025 წელს დაინიშნა.
  • გელაშვილის ცოლი, ჯერ მდინარაძის სამდივნოს უფროსი იყო  პარლამენტში, ახლა კი უკვე მეორე მოწვევის დეპუტატია.
  • 19 წლის ასაკში დაასაქმეს საკანონმდებლო ორგანოში ანა გელაშვილიც, მდინარაძის მეგობრის გიორგი გელაშვილის ქალიშვილი.
  • ანას ქმარი და შესაბამისად გელაშვილის სიძე გამოდის ავთანდილ კუნჭულია, რომლის კარიერაც მდინარაძის გვერდით დაიწყო.

გვარაკიძე, ბელთაძე, გელაშვილი და მისი ოჯახი მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ხალხის, ვისი თანამდებობაზე ყოფნაც მამუკა მდინარაძის სახელს უკავშირდება. სუს-ში ამ დრომდე პოსტზე რჩება მდინარაძის დანიშნული 4-ვე მოადგილე.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე რონი მესხიც პოსტზეა, მამუკა მდინარაძის ასევე უახლოესი მეგობარი. ჯერ-ჯერობით თანამდებობას ინარჩუნებს მისი კიდევ ერთი მეგობარი, დაზვერვის შეფი მიხეილ ძაგნიძეც.

ერთადერთი, ვინც მდინარაძის კადრად მიჩნეული ჩინოვნიკებიდან სახლში გაუშვეს, ეს თიკა რუხაძეა. რუხაძემ გადადგომის შესახებ განცხადება ფეისბუქპოსტით 28 ივლისს გამოაქვეყნა, მეორე დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ახლადშექმნილ თანამდებობას ატოვებინებდნენ მამუკა მდინარაძესაც.

მდინარაძის გაწევა - დეტალები ნახეთ მაკა ჩიხლაძის სპეციალურ რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები