ექსკლუზივი: მოპოვებულია ჩანაწერი, სადაც ღარიბაშვილს ხელი დაადეს
"შაბათის ეთერმა" მოიპოვა აუდიოჩანაწერი იმ სასამართლო პროცესიდან, სადაც ჯუანშერ ბურჭულაძემ ხელი უახლოეს მეგობარსა და თანამებრძოლს, ირაკლი ღარიბაშვილს დაადო.
გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისი ამბობს, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯერ აღიარა, რომ ჯარს ძარცვავდა, შემდეგ კი დაამატა, რომ ჯარისკაცებისთვის მოპარული ფულიდან წილს ღარიბაშვილს აძლევდა და ჯამში 750 ათასი ლარი მისცა.
პროცესზე ბურჭულაძეს ჰკითხეს, შედიოდა თუ არა გარიგებაში პროკურატურასთან. მან თანხმობა განაცხადა და პროკურორმა წინასწარ მომზადებული შეთანხმების კითხვა დაიწყო. ბურჭულაძე ამ ყველაფერს დაეთანხმა, ამის შემდეგ მოსამართლემ მას ზეწოლის, დაშინების და წამების შესახებ ჰკითხა. ექს-ძალოვანმა ყველაფერზე უპასუხა - არა და მოსამართლეს დაუდასტურა, რომ ღარიბაშვილს ჯარის ძარცვის თანამონაწილედ საკუთარი ნებით აცხადებდა.
ჯუანშერ ბურჭულაძის გარდა, 8 სექტემბერს განსასჯელის სკამზე იყო მისი ცოლისძმა ვასილ მხეიძე. გამოძიების მიხედვით, ის კურიერი იყო. გამოძიების ინფორმაციით, ბიზნესმენისგან აღებული ქრთამი ჯუანშერ ბურჭულაძესთან შავი ჩანთით მიჰქონდა. მხეიძემაც თქვა, რომ ნაძარცვიდან წილს ღარიბაშვილს აძლევდნენ.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძესა და მის ნათესავს, ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა დაამტკიცა.
- გადაწყვეტილების თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრება 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 2 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრება ჯარიმა 1 000 000 ლარის ოდენობით.
- რაც შეეხება ვასილ მხეიძეს, იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 25,338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრება 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელს და 2 თვეს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 3 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრება ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით.
„შაბათის ეთერს“ არაერთმა ადამიანი უყვება რომ არსებობს არაფორმალური შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ბურჭულაძე და მისი ცოლისძმა ციხეს უახლოეს პერიოდში დატოვებენ.