ფარული ჩანაწერი: "საქმეების ჩაწყობა" სასამართლოში - ივანიშვილის ძმა სკანდალში ეხვევა

12.09.26 21:45
ფარული ჩანაწერი: "საქმეების ჩაწყობა" სასამართლოში - ივანიშვილის ძმა სკანდალში ეხვევა

"შაბათის ეთერის" ექსკლუზივი - ბიზნესმენი დები ბიძინა ივანიშვილის ძმასთან, ალეკო ივანიშვილთან დაახლოებულ პირს ხმაურიან ბრალდებებს უყენებენ. სამშენებლო ბიზნესში ჩართული ანა და ლანა ქაჯაიები ამტკიცებენ, რომ ისინი გაძარცვეს, სადაო ფული კი კაზინოსა და ალეკო ივანიშვილის ანგარიშზე აღმოჩნდა. 

ბიზნესმენი დების მონაყოლით, მას შემდეგ რაც სამართალს ვერ მიაღწიეს, ბიძინა ივანიშვილის სასახლის წინ აქცია გამართეს და ძარცვის ამბავი პირდაპირ ეთერში მოყვნენ. თუმცა, როგორც ანა და ლანა ქაჯაიები ამტკიცებენ, ამ სკანდალური პირდაპირი ეთერის შემდეგ, ისინი პროკურატურაში დაიბარეს და ლაპარაკი აუკრძალეს. დებს პროკურორმა ხელი მოაწერინა გაუთქმელობის დოკუმენტზე, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მათი ბიზნესიდან კაზინოსა და ბიძინა ივანიშვილის ძმის ანგარიშებზე გადარიცხული ფულის შესახებ ისევ ილაპარაკებდნენ, დაიჭერდნენ.

ბიზნეს რეკეტის შესაძლო საქმეზე მუშაბის პარალელურად, "შაბათს ეთერმა" მოიპოვა დოკუმენტები და ფარული აუდიო-ჩანაწერები, რომელიც სასამართლოში საქმეების ჩაწყობას, საჯარო უწყებებში საქმეების დალაგებას და არაფორმალურ გარიგებებს ეხება.

  • ყველა ჩანაწერის ფიგურანტი "ქართულ ოცნებასთან" დაახლოვებული ხალხი, "ქართულ ოცნების" საარჩევნო შტაბის ყოფილი უფროსი ან ალექსანდრე ივანიშვილის ახლო გარემოცვაა.

მშენებლობის გამო დაწყებული დავა: 

საბურთალოზე, ცინცაძის ქუჩის 57 ნომერში, თბილისის ცენტრალურ პარკთან ახლოს, 14 სართულიანი მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის  მშენებლობა წლების წინ უნდა დასრულებულიყო. სამშენებლო ნებართვა მერიიდან კომპანია "ცენტრალ თაუერ საბურთალომ" 2020 წელს მიიღო, თუმცა 6 წლის თავზე კორპუსის მხოლოდ 4 სართულია აშენებული, ტერიტორია კი  მიტოვებულია.  მფლობელები გამოძიებას თვეებია უმტკიცებენ, რომ  მშენებლობის ფული პარტნიორმა მოპარა

  • კორპუსის  მშენებლობა დებმა ქაჯაიებმა წლების წინ გადაწყვიტეს და პარტნიორად ბიზნესმენი, პაატა ნუცუბიძე 2018 წელს შეარჩიეს და პროექტისთვის 3-მილიონიანი საბანკო სესხი აიღეს. კომპანია "ცენტრალ თაუერ საბურთალოს" 50-პროცენტიანი წილი ქაჯაიას დედის, ხოლო მეორე ნახევარი ნუცუბიძის მეუღლის სახელზე გააფორმეს. სისხლის სამართლის საქმის მასალების შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ მშენებლობის პროცესს სრულად ნუცუბიძე, საკუთარი შვილების სახელზე გაფორმებული კომპანიის „არქიგრამის"  მეშვეობით მართავდა.

კონფლიქტი მეწილეებს შორის სწორედ მშენებლობისთვის განკუთვნილი თანხების გაუჩინარების თემაზე დაიწყო: "შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული ფარული აუდიოჩანაწერი სისხლის სამართლის საქმეში დები ქაჯაიების ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა - საუბრებში ცხადად ისმის, რომ ისინი  ბიზნეს პარტნიორს, პაატა ნუცუბიძეს კომპანიიდან წაღებული დიდი ოდენობით თანხის მიზნობრივად ხარჯვის დამადასტურებელ  დოკუმენტებს სთხოვენ. 

როდესაც საქმე ჩიხში შევიდა, ფული დაიხარჯა, კორპუსი კი ვერ შენდებოდა, დებმა ქაჯაიებმა ნუცუბიძეს კომპანიის წილების დათმობა მოსთხოვეს, ეს ასეც მოხდა,  თუმცა ერთი წლის შემდეგ ყველაფერი თავდაყირა დადგა: პაატა ნუცუბიძემ ყოფილ ბიზნეს პარტნიორებს უჩივლა, საბოლოოდ, დები დააკავეს. ისინი ახლა თავისუფალბეზე გირაოს სანაცვლოდ არიან.

პაატა ნუცუბიძისა და  ბიძინა იავანიშივლის ძმის კავშირები: 

ვიდრე ლაპარაკს აუკრძალავდნენ, დები ყველა ვიდეო ჩართვაში ამტკიცებდნენ, რომ სამშენებლო ბიზნესს ცენტრალურ საბურთალოზე სწორედ ივანიშვილის ძმის, ალეკო ივანიშვილის მფარველობით ართმევდნენ.

  • ამასთან, კადრები, რომელიც "შაბათის ეთერმა" მოიპოვა, თბილისი ერთ ერთი რესტორანში პაატა ნუცუბიძის წვეულებაზეა გადაღებული - აქ ალექსანდრე ივანიშივილი და პაატა ნუცუბიძე ერთად ქეიფობენ. 
  • ალექსანდრე ივანიშვილის და რეკეტში დადანაშაულებული პაატა ნუცუბიძის ახლო კავშირები ფარული ჩანაწერებითაც დასტურდება.  ერთ-ერთი აუდიო ფაილში ისმის, რომ ნუცუბიძე ვინმე "ბატონ ალეკოს" ესაუბრება, და შემდეგ თავად აკონკრეტებს, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის ძმაა.

ვიდრე ლაპარაკს პროკურატურა დაკავების მუქარით აუკრძალავდა, დები ქაჯაიები და მათი ადვოკატები ვიდეო ჩართვების დროს ყვებოდნენ, რომ კომპანიიდან თანხების გაუჩინარების პარალელურად, ფული ალეკო ივანიშვილთან მიდიოდა და ამის შესაბამისი დოკუმენტები საქმეში იდო:

საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი - ნუცუბიძემ ქაჯაიებს 2023 წლის 14 აგვისტოს უჩივლა. ალექსანდრე ივანიშვილის ანგარიშზე კი სესხის დაბრუნების მოტივით, 200 ათასი დოლარი, 2023  წლის 22 ოქტომბერს გადაირიცხა. ჩნდება კითხვა იყო თუ არა ეს ფული რომ საქმე დები ქაჯაების წინააღმდეგ სასამართლოში ნუცუბიძის სასარგებლოდ დასრულებულიყო.

"საქმის მოგვარება წაგებულ საქმეებზე": 

  • კიდევ ერთი აუდიო-ჩანაწერით, რომელიც "შაბათის ეთერმა" მოიპოვა, პაატა ნუცუბიძე თავად ყვება, რომ წაგებულ საქმეებს სასამართლოში, რომელიც კორპუსების მშენებლობას ჰქონდა, ახლობლების ზარებით ალაგებდა.
  • ამასთან, ლანა ქაჯაია გამოძიებას უყვება, რომ პირველი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც 2018 წლიდან 2020 წლამდე პროექტის შეთანხმება ვერ მოხერხდა. მაშინ პარტნიორებს პაატა ნუცუბიძემ კომპანიაში თბილისის მერთან დაახლოებული კაცი, კახა კალაძის შტაბის უფროსი, ავთანდილ თევზაძე მიუყვანა, როგორც თბილისის მერიის წარმომადგენელი, და თქვა, რომ თევზაძეს გავლენებით ნებისმიერი სირთულის პროექტის შეთანხმება შეეძლო.

ბიძინა ივანიშვილის ძმასთან, ალექსანდრე ივანიშვილთან პაატა ნუცუბიძის კავშირი მხოლოდ ფარული ჩანაწწრბით ან ვიდეოკადრებით არ დასტრუდება. ალექსანდრე ივანიშივლის ცოლის ძმა, თამაზ ხარაიძე და მერიაში საქმეების ჩამწყობად დასახლებული ავთანდილ თევაზაძე ერთად ფლობენ სამშენებლო ბიზნესს".

სად მიდიოდა ფული, რომელიც პაატა ნუცუბიძეს კომპანიიდან გაჰქონდა?

  • ანა და ლანა ქაჯაიები საგამოძიებო უწყებებს ექსპერტიზის დასკვნებით უმტკიცებენ, რომ ეს თანხა მშენებლობას არ მოხმარებია. მათი თქმით, ბიზნესის ფული  ონლაინ კაზინოებში ირიცხებოდა. მტკიცებულებად დევს  კაზინოებში ნუცუბიძის მიერ 408 ათასი ლარის გადარიცხვის საბანკო ამონაწერებიც. ქაჯაიები ამტკიცებენ, რომ ეს სამშენებლო ბიზნესის ფულია. ნუცუბიძე კი ამბობს, რომ კაზინოში გადარიცხული დიდი ოდენობით თანხა მხოლოდ და მხოლოდ დროში ემთხვევა კომპანიიდან გატანილ თანხებს და აზარტულ თამაშებში წაგებული ფული მისი პირადი სახსრებია.

კაზინოში გადარიცხული ფულის დამადასტურებელი დოკუმენტები, ალექსანდრე ივანიშვილისთვის ჩარიცხული 200 ათასი დოლარის საბანკო ამონაწერი, ფარული აუდიოჩანაწერები ე.წ. შავ ფულზე, ივანიშვილთან კავშირსა და ოლიგარქის ოჯახის დახმარებით მოგებულ სასამართლო დავებზე - ყველა ეს მტკიცებულება პროკურატურაშია. თუმცა საგამოძიებო უწყებას ნუცუბიძის წინააღმდეგ არც გამოძიება დაუწყია და არც ივანიშვილთან დაკავშირებით დასმულა კითხვები.

მაკა ანდრონიკაშვილის სპეციალური რეპორტაჟი