"პირველების" ინფორმაცია დადასტურდა - ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო გარიგება გაუფორმეს
"პირველების" ინფორმაცია დადასტურდა - ჯარის ძარცვის საქმეზე ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო გარიგება გაუფორმეს.
მასთან ერთად საპროცესო შეეხო ექს-მინისტრის გარემოცვასაც.
საპროცესო გაფორმდა ბურჭულაძის ყოფილ მოადგილესთან, გიორგი ხაინდრავასთან და ვასილ მხეიძესთან, რომელიც თავდაცვის ექს-მინისტრის ცოლის ძმაა.
შეთანხმების თანახმად, ვასილ მხეიძე და გიორგი ხაინდრავა პენიტენციურ დაწესებულებას სექტემბრის ბოლოს დატოვებენ, რაც შეეხება ჯუანშერ ბურჭულაძეს, ის ციხეს ზუსტად 2 წელში დატოვებს.
საპროცესო შეთანხმების თანახმად, ბურჭულაძეს სასჯელის სახით განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 2 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრა ჯარიმა 1 000 000 ლარის ოდენობით. მასვე სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა უსასყიდლოდ სხვადასხვა სახის ქონება.
რაც შეეხება ვასილ მხეიძეს, მას 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც 1 წელს და 2 თვეს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 3 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრა ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთმევა ნივთმტკიცებად ამოღებული საგნები - რამდენიმე მილიონის ღირებულების უაქციზო სიგარეტი და მის დასამზადებლად არსებული მასალა, ასევე თუთუნი.
რაც შეეხება გიორგი ხაინდრავას, მასაც 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც 1 წელს და 2 თვეს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 3 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრა ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით.
მხარეებს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება მოსამართლეთა კოლეგიამ, პაატა სილაგაძის თანათავმჯდომარეობით დაამტკიცა.
ჯარის ძარცვის საქმე:
- 2026 წლის 23 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის გადაწყვეტილებით, ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ამასთან, მას ჩამოერთმევა ქონება და გადაეცემა სახელმწიფოს.
- გიორგი ხაინდრავას და ვასილ მხეიძეს 8 - 8 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ.
- საქმეზე ბრალდებულ ვლადიმერ ღუდუშაურს საპროცესო შეთანხმება დაუმტკიცდა შემდეგი პირობით: 4 წელი პირობითი მსჯავრი, 10 000-ლარიანი ჯარიმა და 1 წლით თანამდებობის დაკავების აკრძალვა.
გამოძიება ჯუანშერ ბურჭულაძესა და მის გარემოცვას თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარის გაფლანგვას ედავება. გამოძიების მიხედვით, მათ გორის ჰოსპიტლისთვის ტომოგრაფის აპარატი ხელოვნურად გაზრდილ ფასად შეიძინეს.
თავდაცვის ექს-მინისტრს ასევე ბრალად ედება დაუსაბუთებელი შემოსავლების შენიღბვა ესპანეთში, მალაგას პროვინციაში 544 000 ევროდ სახლისა და მიწის ნაკვეთის შესასყიდად.
მსგავსი სიახლეები
ბესელია: ივანიშვილი სისტემას კობახიძე-მდინარაძის გავლენებისგან წმენდს - შემდეგი ალბათ თავად პრემიერი იქნება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გელა (გეკა) გელაძის მოულოდნელ გადადგომას პოლიტიკოსი ეკა ბესელია ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწყებულ „ჯაჭვურ პროცესს“ უკავშირებს.