ბესელია: ივანიშვილი სისტემას კობახიძე-მდინარაძის გავლენებისგან წმენდს - შემდეგი ალბათ თავად პრემიერი იქნება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გელა (გეკა) გელაძის მოულოდნელ გადადგომას პოლიტიკოსი ეკა ბესელია ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწყებულ „ჯაჭვურ პროცესს“ უკავშირებს. ბესელიას შეფასებით, ძალოვან სტრუქტურებში საკადრო წმენდა მანამ გაგრძელდება, სანამ უწყებებიდან ირაკლი კობახიძისა და მამუკა მდინარაძის გავლენები სრულად არ განეიტრალდება, რის შემდეგაც დღის წესრიგში თავად პრემიერ-მინისტრის შეცვლის საკითხი დადგება.
ეს არის ჯაჭვური პროცესი ერთმანეთთან დაკავშირებული, თანამდებობის პირების გათავისუფლება. აქ არ იქნებიან ისინი, ვისაც ივანიშვილი არ ენდობა პირადად, შესაბამისად, ეს პროცესი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე არ ჩაითვლება, რომ ახლა უკვე აღარ აქვს გავლენები კობახიძე-მდინარაძეს ძალოვან უწყებებში. ამ თანამდებობრივი ცვლილებებით, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ მდინარაძის ირგვლივ შემოკრებილი ადამიანებისგან გათავისუფლებას ახდენს ივანიშვილი, კობახიძესაც, ბუნებრივია, ასუსტებს და მისი გავლენებიც უკვე შემცირებულია, ამიტომ ამით, გარკვეულწილად, სუსტდება, რა თქმა უნდა, კობახიძის გავლენა და ალბათ შემდეგი უკვე, მისი შეცვლის აუცილებლობის წინაშე დადგება ბიძინა ივანიშვილი, - ამბობს ეკა ბესელია.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გელა (გეკა) გელაძემ ფეისბუკით გამოაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს.
"პირველების" ინფორმაციით, გეკა გელაძის გადადგომის შემდეგ სუსის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა განიხილება.