„ივანიშვილისთვის მდინარაძის დასჯა უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე რეჟიმის სტაბილურობა“ - გიორგი შაიშმელაშვილი სუს-ში ცვლილებებზე
ბიძინა ივანიშვილის შიშებმა და პარანოიამ რეჟიმის სტაბილურობაზე მაღლა მამუკა მდინარაძის დასჯა დააყენა - ასე აფასებს "თავისუფლების მოედნის" დამფუძნებელი გიორგი შაიშმელაშვილი სუს-ის უფროსის პოსტიდან გეკა გელაძის მოულოდნელ წასვლას. მისი თქმით, ივანიშვილის მთავარი კრიტერიუმი ახლა აბსოლუტური ერთგულებაა, რის გამოც უსაფრთხოების სამსახურის ახალ ხელმძღვანელად, სისტემური რყევების თავიდან ასაცილებლად, წინასწარ მომზადებულ ფიგურას - ბახუაშვილს განიხილავენ.
რეჟიმის შიგნით, მთავარ საყრდენ ორგანოში, არის დიდი ტექტონიკური ცვლილებები, მათ შორის, სავარაუდოა, რომ თუ მდინარაძეს ეხება ეს და აშკარაა, რომ მდინარაძეს ეხება, შსს-შიც პირველი მოადგილე მდინარაძის კადრი იყო რონი მესხის სახით. სავარაუდოდ, აქაც იქნება ცვლილებები.
ივანიშვილისთვის მდინარაძის დასჯა იმაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე რეჟიმის სტაბილურობაა და ეს გამოწვეულია მისი შიშებით, პარანოიით. ივანიშვილისთვის მნიშვნელოვანია აბსოლუტური ერთგულება და ამ აზრით, როგორც ჩანს, ბახუაშვილი უფრო მისაღტები ფიგურაა, ვიდრე მდინარაძის კადრი გელაძის სახით. თან, ბახუაშვილი ვინაიდან მანამდე მოამზადეს ამ თანამდებობისთვის, მას უკვე აქვს გარკვეული საყრდენები სუსის შიგნით და როგორც ჩანს, ამით შეეცდებიან შემდგომა ტექტონიკური ცვლილებები რომ აირიდონ თავიდან სუსის შიგნით, სწორედ მას დანიშნავენ, მემგონი, რომ ეს ზედაპირზე დევს - ბახუაშვილი გახდება სუსის უფროსი, - ამბობს გიორგი შაიშმელაშვილი.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გელა (გეკა) გელაძემ ფეისბუკით გამოაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს.
"პირველების" ინფორმაციით, გეკა გელაძის გადადგომის შემდეგ სუსის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა განიხილება.