ელისო კილაძის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ პროცესზე მიყვანილი მოწმეები პროკურატურის სასარგებლო ჩვენებებს ვერ აძლევენ
ელისო კილაძის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ დახურულ პროცესზე მიყვანილი მოწმეები პროკურატურის სასარგებლო ჩვენებებს ვერ აძლევენ. ბოლო ვინც დაიკითხა, გურამ დონაძე იყო, ის სასამართლოში პროკურატურამ მიიყვანა, თუმცა რამდენიმე საათიანი პროცესის დასრულების შემდეგ ადვოკატები ამტკიცებენ რომ დონაძემ დაადასტურა ის, რასაც თავად ელისო კილაძე ყვება. უფლებადამცველების თქმით, ამ მოწმემ ვერ თქვა რომ დაპატიმრებული ჟურნალისტი თაღლითურ ქოლცენტრებს ეხმარებოდა.
„გამოვკითხეთ მოწმეები და ჯერჯერობით რაიმე პირდაპირი სამხილი არ მოგვისმენია იმასთან დაკავშირებით, რომ ელისო კილაძე იყო დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი და რომ თაღლითობაში თანამონაწილეა, წილი ჰქონდა და ა.შ. მსგავსი არაფერი [თქმულა]. ერთადერთი, რაზეც ბრალდების მხარე ამახვილებს ყურადღებას ისაა, რომ ჟურნალისტურ მხარდაჭერას უწევდა. რაც ისაუბრა, იყო ის, რომ მათი საქმიანობა იყო წმინდა წყლის ჟურნალისტური საქმიანობა და არავითარი კავშირი, არც "ქოლ-ცენტრებთან", დანაშაულებრივ შემხებლობასთან მას [არ ჰქონია]. ვერ ვიტყვი პროკურატურას რა უნდოდა ამით, მე ღიად ვუთხარი სხდომაზე, რომ მადლობა ამ ჩვენებისთვის. ეს იყო გულწრფელი ჩვენება, მან ისაუბრა იმ დეტალებზე, რომელიც ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდებოდა და დანაშაულზე არაფერი არ უთქვამს“, - განაცხადა ვალერი გელბახიანმა.