"ოცნების" დეპუტატი აღიარებს, რომ სუს-ის უფროსების ხშირი ცვლა „სისტემისთვის კარგი არ არის“
"ოცნების" დეპუტატი ალექსანდრე ტაბატაძე იმედოვნებს, რომ სუსის ახალი უფროსი საკუთარ უფლებამოსილებას ვადის ამოწურვამდე შეასრულებს. დეპუტატი არ მალავს, რომ მისთვის თანამდებობის პირების ხშირი ცვლილება მისაღები არ არის, თუმცა ამტკიცებს, რომ ეს კონკრეტულად იმ ადამიანების გადასაწყვეტია, ვინც პოსტებზე არიან.
კარგი იქნება და მისასალმებელი თუ იგი წლების განმავლობაში თავის დასახულ ამოცანებს მიიყვანს ბოლომდე.
მე ყოველთვის ვიძახდი, რომ არ მიმაჩნია, რომ სისტემისთვის ეს კარგია. ეს ადამიანებზეა დამოკიდებული, ჩვენ ვერ ჩავერევით ამ ადამიანების პირად ცხოვრებაში და თუ მას ეს ასე აქვს განსაზღვრული, ამაში ჩვენი ჩარევა მე ზედმეტად მიმაჩნია, მაგრამ აქ მთავარი ერთი რამეა, რომ დღევანდელ ხელისუფლებას, ჩვენს გუნდს გააჩნია სწორედ ის შესაძლებლობები, ჰყავს ის კვალიფიციური კადრები, როტაცია ყოველთვის ხდება და რომლითაც ჩვენ ვანაცვლებთ და ვანაცვლებთ იმ იმედით, რომ კიდევ უფრო გაძლიერებული იქნება ესა თუ ის მიმართულება, - ამბობს ალექსანდრე ტაბატაძე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილი თამაზ ბორაშვილი სუს-ის ახალ ხელმძღვანელად დაამტკიცეს.
მას ხმა პარლამენტის 83 დეპუტატმა მისცა.
კანონმდებლობის თანახმად, სუს-ის უფროსი უფლებამოსილების 6-წლიანი ვადით ირჩევა, თუმცა ბოლო წლინახევრის განმავლობაში სუს-ის უფროსებმა თანამდებობები ვადაზე ადრე დატოვეს.