ჩვენ ქართველებთან მოკავშირეები ვართ, მაგალითად, ოჯახისთვის ბრძოლაში - ზახაროვა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლ, ოთარ რომანოვ ფარცხალაძესთან დაკავშირებულ რუსულ ქვედანაყოფებზე საუბრობს და მათ საქმიანობას რუსეთ-საქართველოს ისტორიული კავშირებისა და საერთო „ღირებულებების“ კონტექსტში წარმოაჩენს.
განცხადებები მან 15 სექტემბრის ბრიფინგზე გააკეთა.
ზახაროვამ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის მიერ შექმნილი „გიორგიევსკის“ ქვედანაყოფის სახელწოდება 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატს დაუკავშირა და განაცხადა, რომ ერეკლე II-მ მაშინ „ისტორიული მნიშვნელობის არჩევანი გააკეთა“, ხოლო ტრაქტატმა საქართველოს, მისი შეფასებით, „რელიგიის, კულტურისა და ხალხის შენარჩუნების შესაძლებლობა მისცა“.
რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში ეთნიკური ქართველებიც მონაწილეობენ და ამას მეორე მსოფლიო ომში ქართველებისა და რუსების ერთობლივი ბრძოლის ისტორიულ გაგრძელებად წარმოაჩენს: „მათი გმირობა რუსებისა და ქართველების საბრძოლო ძმობის სიმბოლოდ იქცა“, - თქვა ზახაროვამ.
მან დასავლეთიც დაადანაშაულა საქართველოს „ისტორიული მეხსიერების წართმევისა“ და მართლმადიდებლური საფუძვლების შერყევის მცდელობაში.
„ისინი ცდილობენ თავს მოგვახვიონ ანტიღირებულებები და ამისთვის იყენებენ ისტორიებს ე.წ. ევროპული მირაჟების შესახებ“, — განაცხადა ზახაროვამ. მისი მტკიცებით, დასავლეთის მსგავსი მცდელობები საქართველოში „არ გამოუვა და არც გამოსვლია“, - თქვა ზახაროვამ.
ზახაროვამ რუსეთი და საქართველო საერთო ღირებულებების მქონე მოკავშირეებადაც მოიხსენია:
„ჩვენ, მართლაც, ქართველებთან ერთად მოკავშირეები ვართ, მაგალითად, ოჯახის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში“. ფარცხალაძის ქვედანაყოფის წევრებზე კი თქვა, რომ ეჭვი არ ეპარება, მათ „შესანიშნავად ესმით, რისთვის იბრძვიან“.