ფონ დერ ლაიენი: მალე წარვადგენთ სამოქმედო გეგმებს კანდიდატი ქვეყნებისთვის, რომლებმაც ყველაზე მეტ პროგრესს მიაღწიეს

16.09.26 14:51
ფონ დერ ლაიენი: მალე წარვადგენთ სამოქმედო გეგმებს კანდიდატი ქვეყნებისთვის, რომლებმაც ყველაზე მეტ პროგრესს მიაღწიეს

ევროკომისია ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნებისთვის, რომლებმაც გაწევრიანების გზაზე ყველაზე მეტი პროგრესი აჩვენეს, სპეციალური სამოქმედო გეგმების წარდგენას გეგმავს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დღეს, ევროპარლამენტში ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ რწმენა უნდა შევქმნათ იმისა, რომ ევროპელები, ერთმანეთს გვერდით ყოველთვის დავუდგებით. საკმარისია ჩვენს საზღვრებს მიღმა გავიხედოთ და დავინახავთ, რომ ეს ევროპული იდეა ჯერ კიდევ ცოცხალია. საკმარისია, უკრაინასა და მოლდოვას შევხედოთ. შევხედოთ დასავლეთ ბალკანეთს. საკმარისია ყველა იმ ქვეყანას შევხედოთ, რომლებიც ჩვენს კავშირთან ახლოს არიან და რადგან მათი მომავალი ჩვენს კავშირშია, ჩვენ მალე წარვადგენთ სამოქმედო გეგმებს იმ კანდიდატი ქვეყნებისთვის, რომლებმაც ყველაზე მეტ პროგრესს მიაღწიეს“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ გაწევრიანება კვლავ დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი იქნება და ევროკავშირის ღირებულებების დაცვა აუცილებელ პირობად დარჩება. ევროკომისიის გაფართოების პოლიტიკაც კანდიდატების წინსვლას რეფორმების შესრულებას უკავშირებს.

მსგავსი სიახლეები