ლილუაშვილს გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი აქვს
სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილსა და მის ადვოკატებს სასამართლოსგან გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი აქვთ.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში მხარეებმა რეპლიკები უკვე წარმოთქვეს:
“მოლოდინი გვაქვს, რომ აუცილებლად გამამართლებელი განაჩენი იქნება, თუკი სასამართლო იქნება ობიექტური, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი, ეჭვგარეშეა, რომ გამამართლებელი განაჩენი უნდა იყოს”, - განაცხადა ადვოკატმა ლანა ცერცვაძემ.
კითხვაზე, გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, შესაძლოა თუ არა ლილუაშვილი “პოლიტიკურ ნაწილში ალაპარაკდეს”, ადვოკატი ამბობს:
“გრიგოლ ლილუაშვილი სამართლებრივი გზით თავის უდანაშაულობის დადასტურებას შეეცდება ყველა ეტაპზე. ამ დრომდე, რაც ჩემთვისაც ცნობილია, სამართლებრივ ასპექტში ფიგურირებს ზოგადად გრიგოლ ლილუაშვილი, შესაბამისად, ამ მიმართულებით ცვლილებებს არ ველოდები, მით უფრო, რომ მე ვარ იურისტი და არა პოლიტიკოსი”, - აცხადებს ცერცვაძე.
სუს-ის ექს-შეფი გასული წლის 23 დეკემბერს დააკავეს - ყოფილ მაღალჩინოსანს ედავებიან „ფულის გათეთრების“ ოთხ ეპიზოდს:
რას ედავებიან ლილუაშვილს?
- ქარის ელექტროსადგურების მშენებლობის ლობირებისთვის თურქ ინვესტორ ჩაღათაი ულქერისგან $1 მლნ-ის აღებას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის იმჟამინდელი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით;
- გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ, კომპანია „ექსპრესსერვისი 2008-ის“ დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიასგან 1,5 მლნ ლარის აღებას რომეო მიქაუტაძის მეშვეობით;
- 2021-2023 წლებში დანაშაულებრივი „ქოლცენტრების“ მფარველობას, საიდანაც ბრალდების ინფორმაციით, ლილუაშვილმა მიიღო $1 365 000;
- პროკურატურა ამბობს, რომ ლილუაშვილი ქრთამის სანაცვლოდ მფარველობდა თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, ბაღების შესყიდვებიდან „ატკატებს“ იღებდა.