რუსული ტური ქართველი ახალგაზრდებისთვის - რისთვის წაიყვანეს 40 კაციანი დელეგაცია საქართველოდან ურალში
ქართველი ახალგაზრდების 40-კაციანი დელეგაცია ეკატერინბურგში რუსეთის ახალგაზრდობის საქმეთა ფედერალური სააგენტოს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობს. ჯგუფს პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ლიდერი მამუკა ფიფია ხელმძღვანელობს - პოლიტიკოსი, რომელიც ოთარ რომანოვ-ფარცხალაძესთან კავშირს საჯაროდაც ადასტურებს. ფორუმში საქართველოდან 15-დან 21 წლამდე ახალგაზრდები მონაწილეობენ.
ფიფია ამტკიცებს, რომ ახალგაზრდებმა რუსეთში გამგზავრების სურვილი თავად გამოთქვეს და ფესტივალზე ვებგვერდის საშუალებით დარეგისტრირდნენ. თუმცა კონკრეტულად ვინ არიან დელეგაციის წევრები, რომელ სკოლებსა თუ უნივერსიტეტებს წარმოადგენენ და როგორ დაკომპლექტდა 40-კაციანი ჯგუფი - ამ დეტალებზე საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციაში პასუხი არ ჩანს. ცნობილია, რომ გამგზავრებამდე მონაწილეთა ნაწილი საქართველოში რუსეთის ინტერესთა სექციის ხელმძღვანელს, დმიტრი ოლისოვს შეხვდა.
ფიფიას ინფორმაციით, ფესტივალზე საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ჩასული ახალგაზრდები მონაწილეობენ. თავად ფორუმი 11-17 სექტემბერს ეკატერინბურგში გაიმართა და რუსული მხარე მას საერთაშორისო ახალგაზრდული კავშირების გაძლიერების პლატფორმად წარმოაჩენს.
რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს მსგავსი ვიზიტების ორგანიზებას? ლაშა ჯანჯღავა და ნიკა ტყემალაძე პროცესს რუსეთის გავლენის პოლიტიკის კონტექსტში აფასებენ. მათი შეფასებით, მოსკოვისთვის მნიშვნელოვანია იმის ჩვენება, რომ საქართველოში, მათ შორის ახალგაზრდებში, რუსეთთან დაახლოების მხარდამჭერებიც არსებობენ.
ისტორიკოსები კი მსგავს ნაბიჯებში რუსეთთან ურთიერთობის თანდათანობით ნორმალიზების მცდელობას ხედავენ. ამ კონტექსტში ისინი ერთმანეთთან აკავშირებენ საქართველოში „რუსოფობიაზე“ პოლიტიკურ დისკუსიას, ქართველი ახალგაზრდების რუსეთში ვიზიტებსა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას მოწოდებას - ქართველ ახალგაზრდებს რუსეთში უფრო ხშირად ჩასვლისკენ. ზახაროვამ ეს განცხადება სწორედ ეკატერინბურგში, მამუკა ფიფიას შეკითხვის პასუხად გააკეთა.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.