ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

18.09.26 10:32
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ადგილობრივი მედიის ცნობით, საარჩევნო უბნები დილის 08:00 საათზე გაიხსნა. კენჭისყრაში ოთხი კანდიდატი მონაწილეობს.

ე.წ. პრეზიდენტის პოსტისთვის იბრძვიან დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მარატ კამბოლოვი, რომელიც ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა; პარტია „ერთიანობის“ კანდიდატი ზურაბ კოკოევი; „ალანიის პატრიოტების“ კანდიდატი მურატ ვალიევი და ყაზბეკ კოდოევი, რომელიც ასევე საინიციატივო ჯგუფის მიერ არის წარდგენილი.

დე ფაქტო საარჩევნო ადმინისტრაციის მონაცემებით, რეგიონში 70 საარჩევნო უბანია გათვალისწინებული. კიდევ ხუთი უბანი რუსეთის ტერიტორიაზე მუშაობს - ოთხი ჩრდილოეთ ოსეთში და ერთი მოსკოვში. კენჭისყრისთვის 40 ათასი ბიულეტენი დაიბეჭდა.

ცხინვალში აცხადებენ, რომ პროცესს 60-ზე მეტი უცხოელი დამკვირვებელი აკვირდება. მათ შორის დასახელებული არიან რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს, ფედერაციის საბჭოსა და ცესკოს წარმომადგენლები, ასევე დამკვირვებლები ვენესუელიდან, არგენტინიდან, ბელარუსიდან, სომხეთიდან, აფხაზეთიდან, ბულგარეთიდან, ინდოეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.

დე ფაქტო კანონმდებლობით, პრეზიდენტი ხუთი წლის ვადით აირჩევა და ერთი პირი თანამდებობას ზედიზედ ორზე მეტი ვადით ვერ დაიკავებს. არჩევნების ჩატარებულად ჩასათვლელად საჭიროა ამომრჩეველთა 50%-ზე მეტის მონაწილეობა, გამარჯვებისთვის კი კანდიდატმა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მიიღოს.

კენჭისყრის პარალელურად, დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრო უსაფრთხოების გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობს.

საქართველოს ხელისუფლება და საერთაშორისო საზოგადოების უდიდესი ნაწილი სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ აღიარებს და რეგიონს საქართველოს ნაწილად მიიჩნევს.

მსგავსი სიახლეები