"ოცნების" დეპუტატებმა და მინისტრებმა, თავი უსახლკაროებად გამოაცხადეს - რა ხდება რეალურად

19.09.26 21:00
"ოცნების" დეპუტატებმა და მინისტრებმა, თავი უსახლკაროებად გამოაცხადეს - რა ხდება რეალურად

"ქართული ოცნების" დეპუტატებმა და მინისტრებმა, თავი უსახლ-კაროებად გამოაცხადეს. ქონებრივი დეკლარაციები დააცარიელეს და გრაფებში, სადაც უძრავი ქონება უნდა ეწეროს, ცარიელი ადგილები დატოვეს.

"შაბათის ეთერი" დაინტერესდა, სად ცხოვრობს რეალურად, დოკუმენტების მიხედვით უქონელად გამოცხადებული ამდენი ჩინოვნიკი?!

ერთ-ერთი, ვინც თავი უსახლკაროდ გამოაცხადა, მილიონერი პარლამენტარი ვაკო თურნავაა, თუმცა წავკისის დახურულ უბანში, სადაც მდიდრული ვილა შენდება, ადასტურებენ, რომ სახლი თურნავას ეკუთვნის და სამშენებლო სამუშაოებსაც ის ამოწმებს.

  • დეპუტატი, რომლსაც აქვს 6 როლექსი, ასეულობით ათასის ბიტკოინი, ნახევარ მილიონზე მეტს ხარჯავს მოგზაურობასა და შოპინგში, ყიდულობს მილიონნახევრიან აპარტამენტს მილანში და რომლის შემოსავლების მხოლოდ ნაწილის დაჯამებასაც კი რამდენიმე ათეულ მილიონზე ავყავართ დეკლარაციის თანახმად გვეუბნება, რომ თბილისში დასარჩენი არ აქვს.
  • ფალიაშვილის 2 ნომერში მდებარე ბინაც ვახტანგ თურნავას დედის სახელზეა გაფორმებული. ისევე როგორც ვაკეში არსებული კერძო სახლი. მარუხი გმირების 21 ნომერში მდებარე უძრავი ქონება ნორვეგიის ელჩისთვის აქვთ მიქირავებული.
  • დავუშვათ, განვიხილოთ ვერსია, რომ ვახტანგ თურნავა თბილისში ქირით ცხოვრობს. ამ შემთხვევაში, დეპუტატის დეკლარაციაში, უნდა ჩანდეს ქირაში გადახდილი ფული. ასეთი ჩანაწერი არ არსებობს. სამაგიეროდ ოცნების დეპუტატს არ დავიწყებია მიეთითებინა, რომ აქვს მაგალითად 430 000 ევროს დანაზოგი არა ბანკში, არამედ ნაღდი ფულის სახით, მილიონზე მეტი ევრო საბანკო ანგარიშზე, 80 ათასიანი ავტომობილი, წერილობითი შეთანხმებით გაცემული რამდენიმე სოლიდური სესხი, ნახევარ მილიარდამდე ლარით ნაყიდი კომპანიის წილები და ფასიანი ქაღალდები. თუმცა დეკლარაციებს რომ შესაბამისი მონიტორინგი უტარდებოდეს, თურნავას აუცილებლად დაუსვამდენენ კითხვას - რისთვის შეიძინა 3 ავტოფარეხი? რომელ 2 ბინაში გადაიხადა მილიონნახევარი და რისი რემონტი დაუჯდა მილიონამდე, თუ თბილისში საცხოვრებელი არ აქვს?!​

უსახლკაროდ თავი მხოლოდ დეპუტატატებს არ გამოუცხადებიათ - უსახლკარო მინისტრები.

კაცი, რომელსაც მთელი საქართველოს ბიუჯეტი აბარია და თითქმის 31 მილაირდს განკარგავს, დოკუმენტებში წერს, რომ არც სახლი აქვს, არც ბინა და არც მიწის ნაკვეთი. ფინანსთა მინისტრის დეკლარაციაში ეს გრაფები ცარიელია.

  • "შაბათის ეთერმა" ლაშა ხუციშვილი ერთ-ერთი ჟურნალისტური გამოძიებისას მაშინ გადაიღო, როცა ის მამის სახელზე გაფორმებული სახლიდან გამოდიოდა. თუ მინისტრი მშობელთან ერთად ცხოვრობს, ვალდებულია, ეს ინფორმაცია ამ გრაფაში შეიტანოს.თუმცა ფინანსთა მინისტრს 2014 წლიდან შევსებულ არცერთ დოკუმენტში არ ჩაუწერია, რომ რაიმე სახის შენაძენი აქვს. არადა მისი მაღალ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში იყიდეს დედამ და ძმამ ჯამში 5 მიწის ნაკვეთი ბორჯომში, მამამ კი 2 ბინა თბილისის ცენტრში. ეს ყველაფერი არ არის, დეკლარაციის მიხედვით უსახლკარო ჩინოვნიკის ოჯახმა ჯამში "ქართულ ოცნებას" 600 ათასი ლარი შესწირა. საჯარო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, ქართუში დასაქმებული ნუგზარ ხუციშვილი იყო "ოცნების" საარჩევნო კამპანიების მთავარი ფინანსისტიც. ხუციშვილის მამა ნუგზარ ხუციშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა ბიძინა ივანიშვილის ქართუშიც.

კობახიძის კაბინეტში მხოლოდ ფინანსთა მინისტრი არ არის, ვინც წერს, რომ უსახლკაროა. გივი მიქანაძეც გვარწმუნებს, რომ თბილისში საკუთარი უძრავი ქონება არ გააჩნია, ცოლს კი მხოლოდ გასულ წელს შეძენილი ერთი მშენებარე ბინა აქვს.

არც შინაგან საქმეთა მინისტრის რეალური საცხოვრებელი სახლის მოძებნა ყოფილა მარტივი. სულხან თამაზაშვილის სახელზე გაფორმებულ ერთადერთ ბინაში მას არასდროს უცხოვრია, არც ცოლის კუთვნილი ეს კერძო სახლია უმაღლესი თანამდებობის პირის მუდმივი საცხოვრებელი. ძალოვანი უწყების შეფს ჟურნალისტებმა სიდედრის კუთვნილ ქონებაში მიაგნეს.

ყურადღებას იქცევს ქვეყნის მთავარი პროკურორის დეკლარაციაც:

  • გიორგი გვარაკიძე ირწმუნება, რომ უძრავი ქონება მიწის ნაკვეთის სახით, მხოლოდ ბაღდათის რაიონის სოფელ როკითში უფიქსირდება. 3 ბინა და 2 ავტოფარეხია გაფორმებული, პროკურორის ცოლის, ქეთევან აწყურელის სახელზეც ქუთაისში. თბილისში კი აწყურელს მხოლოდ ავტოფარეხი, თავად ჩინოვნიკს კი მშენებარე კორპუსში შეძენილი ბინა აქვს.
  • საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ბინა რომელიც გენპროკურორს საკუთრებად აქვს მითითებული, დოკუმენტში ამ დრომდე შპს ,,ფილიგრინი 2-ის’’ სახელზე რჩება. ეს კომპანია თეთრ კვადრატს ეკუთვნის, თეთრი კვადრატი კი პარლამენტის მილიონერ დეპუტატს, შოთა ბერეკაშვილს.
  • საქართველოს გენერალურ პროკურატურაში განმარტავენ, რომ მშენებარე კორპუსში ჯერ ბინების განშლა არ მომხდარა და ამიტომ არ გაფორმებული 187 კვადრატული აპარტამენტი გიორგი გვარაკიძის სახელზე. 
  • გვარაკიძისთვის ბინას სახელწიფო, სარაჯიშვილის ქუჩაზე ქირაობს, ამავე კორპუსში, ბინას მესამე სართულზე ფლობს მისი სიმამრი გოჩა აწყურელიც.საქართველოს მთავარი პროკურორისთვის უწყება ბინას ამავე კორპუსის მე-11 სართულზე ქირაობს.​

გაურკვეველია სად იძინებს და ათენებს, პარლამენტარი ნოდარ ტურძელაძე. მას თუ დავუჯერებთ, არაფერი გააჩნია და მხოლოდ ცოლის სახელზე გაფორმებული მიწის ნაკვეთი აქვს. დოკუმენტების თანახმად, ამ ნაკვეთზე ჯერ სახლი არ დგას, ამიტომ ლოგიკურია კითხვა - სად ცხოვრობს მმართველი პარტიის ორგზის დეპუტატი სინამდვილეში?!

ამ მიმართულებით სიმშვიდის მოპოვებას ცდილობს როგორც ჩანს ირაკლი ზარქუა, რადგან წალენჯიხელ დეპუტატს, ქონებრივ დეკლარაციას თუ დავუჯერებთ, არც მშობლიურ წალენჯიხაში აქვს არაფერი და არც დედაქალაქ თბილისში, სადაც დადგენილია, რომ სიდედრის მიერ მისი ცოლისთვის ნაჩუქარ ბინაში ცხოვრობს.

თორნიკე ჭეიშვილს თუ დავუჯერებთ, ის სრულიად უქონელია და უძრავ ქონებას მხოლოდ მისი ცოლი, ისიც გურჯაანსა და ხაშურში ფლობს. დეკლარაციაში გაწერილი ხარჯების მიხედვით, ჭეიშვილი თბილისში, არც ქირით უნდა ცხოვრობდეს.

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი დეპუტატის ლევან მაჭავარიანის ბოლო დეკლარაცია სრულად ცარიელია. მასში არც ცოლია შეყვანილი და არც ქონება, სადაც მაჭავარიანი უნდა ცხოვრობდეს.

ვიქტორ ჯაფარიძის დეკლარაციის თანახმად,  თბილისში სახლ-კარი არ აქვს. არადა ჯაფარიძე შაბათის ეთერს საბურთალოზე კერძო სახლთან არაერთხელ ჩაუწერია, ეს ქონება შვილის სახელზეა, თუმცა ჯაფარიძე შვილს დეკლარაციაში არ უთითებს. შესაბამისად მისი ქონება, კომპანიების შემოსავალი და მოგებაც დეკლარაციაში არ ხვდება.

გვაქვს ასეთი შემთხვევებიც. უფრო ხშირად კი ისეთი, როცა "ოცნების" ჩინოვნიკები ცოლების სახელზე გაფორმებულ ბინებში ცხოვრობენ. მათ შორის არიან იუსტიციისა და ჯანდაცვის მინისტრები. 

ცოლების სახელზე რეგისტრირებულ სახლებში ცხოვრობენ, დიტო სამხარაძე და სოზარ სუბარიც.

მაკა ჩიხლაძის სპეციალური რეპორტაჟი 

მსგავსი სიახლეები