დიდი გადალაგება საპატრიარქოში - 25 წლის შემდეგ, მთავარი სამხედრო მოძღვარი შეცვალეს

19.09.26 21:31
დიდი გადალაგება საპატრიარქოში - 25 წლის შემდეგ, მთავარი სამხედრო მოძღვარი შეცვალეს

ისანი-სამგორის პოლიციის სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი, მამა გურამ ჭარელაშვილი რამდენიმე დღის წინ საქართველოს თავდაცვის ძალების მთავარი მოძღვარი გახდა. ჭარელაშვილის წინამორბედი დეკანოზი დავით ლონდარიძე იყო, რომელიც ილია მეორემ 25 წლის წინ განამწესა სამხედრო კაპელანად. საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი მოძღვარი რუსთავში სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს. 

დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს სამხედრო ნაწილებში მამა დავითი  25 წელი იყო ჯარისკაცების სულიერი წინამძღოლი. 

მამა დავით ლონდარიძე გვიყვება, რომ სიცოცხლის ბოლო წლებში ილია მეორემ მეუფე შიოს გადააბარა ჯარის საკითხებზე მუშაობა, სწორედ იმ პერიოდიდან ჩნდება თავდაცვის სამინისტროში მამა გურამ ჭარელაშვილიც.

რა მოხდა რეალურად და რატომ აირჩია საპატრიარქომ ყოფილი პოლიციელი? - ამ  კითხვების დასმა ახალი სამხედრო კაპელანისთვის გვინდოდა, მაგრამ ჭარელაშვილი „ტვ პირველის“ ზარებს არ პასუხობს. თუმცა ჩვენს შეტყობინებას მისი უახლოესი მეგობარი მამა ანდრია ჯაღმაიძე გამოეხმაურა:

"ყველაფერს აქვს თავისი დრო, ახლა ახალი პროექტები, ახალი მიზნები არსებობს და ცვლილებაც ამას უკავშირდება" - ანდრია ჯაღმაიძის ეს პასუხი ადასტურებს ვერსიას, რომ დეკანოზი ლონდარიძე საკუთარი სურვილით არ წასულა.

აღსანიშნავია, ისიც, რომ ჯარის გადამდგარ მთავარ კაპელანთან საუბრის დროს ის რამდენჯერმე ხაზგასმით იწყებს საუბარს ნატოზე, როგორც საქართველოს მომავალზე და უსაფრთხოების გარანტორზე.

საქართველოს ეკლესიას ხუთი თვეა, ახალი პატრიარქი ჰყავს, მაგრამ შიო მესამეს ჯერ სინოდის სხდომაც კი არ მოუწვევია - ოფიციალური მიზეზი არავინ იცის.

ამის პარალელურად, "შაბათის ეთერს" არაერთმა მღვდელმა და მონაზონმა უთხრა, რომ ისინი მძიმე ფინანსური პრობლემების წინაშეა არიან. მათი მთავარი შემოსავალი მრევლის შესაწირია. თუ დიდ ქალაქებში დიდი მრევლია და შესაწირიც მეტია, სოფლებში, სადაც ძირითადად პენსიაზე დამოკიდებული მოხუცები დარჩნენ, სრულიად სხვა რეალობაა.

გარდა ამისა, ირკვევა, რომ მღვდლების ნაწილს 4 თვეში ერთხელ 700-ლარიანი დახმარება დაუნიშნეს.

სასულიერო პირები გაჭირვების შესახებ კამერების წინ არ საუბრობენ, ნაწილს ეუხერხულება, მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ საჯაროდ პრობლემებზე ლაპარაკის გამო შესაძლოა, საეკლესიო სასჯელი დააკისრონ. ახალ პატრიარქთან სასულიერო პირების პრობლემებზე ფართო მსჯელობა არ ყოფილა.

საპატრიარქოს მხოლოდ 2026 წელს საქართველოს მთავრობამ თითქმის 49 მილიონი გადაურიცხა. ჯერ იყო 43 მილიონი ლარი, შემდეგ კი ხუთი მილიონი, იყო ასევე რამდენიმე მცირე ტრანში.  ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, ეს თანხა საპატრიარქოს სკოლებზე, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრსა და უმაღლეს სასწავლებლებზე ნაწილდება.

გადალაგება საპატრიარქოში - ნატა ქაჯაიას რეპორტაჟი

მსგავსი სიახლეები