ამ ქვეყანაში არავინ ცხოვრობს უსაფრთხოდ - სალომე ზურაბიშვილი

19.09.26 21:41
ამ ქვეყანაში არავინ ცხოვრობს უსაფრთხოდ - სალომე ზურაბიშვილი

ამ ქვეყანაში არავინ ცხოვრობს უსაფრთხოდ - ასე აფასებს ბაგა-ბაღებში ბავშვთა ინტოქსიკაციის ფაქტს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი. 

სალომე ზურაბიშვილმა ფაქტი "პირველებთან" შეაფასა და თქვა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორთან ერთად, ეკისრება ხელსიუფლებასაც. 

რა უსაფრთხოება არსებობს ამ ქვეყანაში - თუ კი დაცული არ არის ბავშვი ბაგა-ბაღში. მესმის, ყველაფერი შეილება მოხდეს, არავინ არ არის სრულიად დაზღვეული, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია რეაგირებაზე - რა ხდება მას შემდეგ? - ვინმე დაისაჯა, რამე ინფორმაცია გაიცა? ვიცით, რა არ უნდა განმეორდეს, რატომ მოხდა?

ეს ყველაფერი არის ის, რაც უსაფრთხოებას ქმნის - დაწყებული ბავშვებიდან,  დამთავრებული ყველა ჩვენთაგანი. 

ამ ქვეყანაში დღეს არავინ ცხოვრობს უსაფრთხოდ. ყველა არის პასუხისმგებელი, [მომხდარზე] დაწყებული იმ ბაგა-ბაღების ხელმძღვანელებით, დამთავრებული ჯანდაცვის მინისტრით"- აცხადებს ზურაბიშვილი. 

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, ბაგა-ბაღებში მომხდარის გამო სხვადასხვა კლინიკებში 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზება გახდა აუცილებელი.  

ცნობისთვის, გუშინდელი მონაცემებით, ინტოქსიკაციის შედეგად კლინიკებში გადაყვანილი ბაღის აღსაზრდელებსი რაოდენობა 55-ს შეადგენდა. 

უკვე ორი დღეა ბაღებში საკვებით მასობრივი ინტოქსიკაციის საქმეზე გამოძიებაა დაწყებული, მაგრამ ჯერ საზოგადოებისთვის ისევ არ არის ცნობილი - რამ მოწამლა ბავშვები და ვინ არის პასუხისმგებელი.  

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს (ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე, რამაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას).

 

მსგავსი სიახლეები