ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა - ვინ არის მოსამართლის მამა

22.09.26 18:48
ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა - ვინ არის მოსამართლის მამა

მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა, კაცი, რომელიც ამავე სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ხვიჩა კიკილაშვილის ვაჟია.

  • გოგა კიკილაშვილი გიორგი კვერენჩხილაძეს შეცვლის, რომელიც კოლეგიაში მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ხშირად განსხვავებულ აზრს აფიქსირებდა. 

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო შედგება 10 წლის ვადით განწესებული 9 მოსამართლისგან, რომელთაგან 3 მოსამართლეს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, 3 მოსამართლეს სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი, ხოლო 3 მოსამართლეს ნიშნავს უზენაესი სასამართლო.

ცნობისთვის, გიორგი კვერენჩხილაძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების ვადა 2 ოქტომბერს ეწურება.

გოგა კიკილაშვილის მამა ხვიჩა კიკილაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ 10 წელით იყო დანიშნული, თუმცა 5 წელში პირადი განცხადებს საფუძველზე დატოვა თანამდებობა. 

საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი - 2023 წელს საკონსტიტუციო სასამართლოში ხვიჩა კიკილაშვილის მუშაობის დროს, მისი ვაჟი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი გახდა - საუბარია უწყებაზე, რომელიც საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეებს უვადოდ ნიშნავს.

თავის დროზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩეულმა გოგა კიკილაშვილმა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის შესახებ სარჩელს მხარი დაუჭირა.