"ოცნებაში" ღარიბაშვილის სკანდალურ განცხადებებზე გამოძიების დაწყების საჭიროებას ვერ ხედავენ
"ოცნება" ღარიბაშვილის განცხადებებზე გამოძიების დაწყებას არ აპირებს. პარტიის დეპუტატები ყოფილი პრემიერის განცხადებებს უარყოფენ და ამბობენ, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმე სამართლებრივია, ხოლო ღარიბაშვილი მისთვის პოლიტიკური კონტექსტის მიცემას ცდილობს.
ირაკლი ჭეიშვილი ღარიბაშვილის განცხადებებს „არასწორს“ უწოდებს და ამბობს, რომ ყოფილმა პრემიერმა დანაშაული თავად აღიარა. დეპუტატის თქმით, ღარიბაშვილთან დაკავშირებით არაერთ საკითხზე მიმდინარეობს გამოძიება და დამატებითი გამოძიების საჭიროებასაც პროკურატურა გადაწყვეტს
რაზე დაიწყოს გამოძიება, რომ მიღალატა ხელისუფლებამ და შესაბამისად, აღმოვჩნდი საპატიმროშიო? ამაზე საუბრობს ნებისმიერ წერილში და ამით ამთავრებს ჩვენი ყოფილი პრემიერ-მინისტრი. სამწუხაროდ, ადამიანი არის შეცდომაში შესული და ალბათ უნდა მიხვდეს და გაიაზროს თუ რასთან აქვს საქმე. ამ ადამიანმა თვითონვე აღიარა თავისი ბრალი და დანაშაული, არავის დაუძალებია. ზრდასრული ადმაიანი, ორჯერ პრემიერ-მინისტრი იყო, შს მინისტრი იყო, თავდაცვის მინისტრი იყო და არ მგონია, რომ მასზე ზეწოლა მარტივად მოხდეს. შესაბამისად, ის, რაზეც საუბრობს, არის არასწორი. გამოძიება ათას რამეზე მიმდინარეობს, ძალიან ბევრ რამეზე მიმდინარეობს ღარიბაშვილთან დაკავშირებით და თუ ჩათვლის საჭიროდ პროკურტურა, რომ ამასთან დაკავშირებით უნდა წარიმართოს გამოძიება, წარიმართება. ჯერ მიმდინარე საქმეები აქვს ღარიბაშვილს, რომელიც ერთ პროცესშია და ვნახოთ, - ამბობს ირაკლი ჭეიშვილი.
არჩილ გორდულაძე კი ღარიბაშვილის განცხადებებს მისი დაცვის სტრატეგიის ნაწილად მიიჩნევს. მისი თქმით, ყოფილი პრემიერი სისხლის სამართლის საქმისთვის პოლიტიკური კონტექსტის მინიჭებას ცდილობს, თუმცა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს.
ადამიანი, რომელიც ცდილობს, რომ საკუთარი თავის დაცვის სტრატეგია ააგოს სისხლის სამართლებრივი საქმის მიმდინარეობისას პოლიტიკური კორონტაციის შემოტანით, ამ ყველაფერში მას ვერ დავუჭერთ მხარს და ვერც მის წისქვილზე დავასხამთ წყალს. არსებობს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე, მათ შორის აღიარებული დანაშაული, ეს არის სამართლებრივი საკითხი, რომელსაც განიხილავს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო. თუ ვინმეს არ დააკმაყოფილებს სასამართლოს გადაწყვეტილება, შეუძლია, ზედა ინსტანციებშ გაასაჩივროს, თუ ესეც არ იქნება საკმარისი მათთვის, მიმართონ სტრასბურგის სასამართლოს. და კიდევ ერთხელ ყველას შევახსენებ, რომ ვინც ცდილობდა კონკრეტული საქმეების პოლიტიზირებას, ისინი ყოველთვსი დამარცხდნენ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში, - განაცხადა გორდულაძემ.
პატიმრობაში მყოფმა ექს-პრემიერმა, გუშინ ციხიდან სკანდალურ წერილი გამოაქვეყნა, სადაც მმართველ გუნდს აკრიტიკებს და "ოცნებას" ქვეყნის „უწყვეტ ქაოსსა და დაუსრულებელ კრიზისში“ შეყვანაში ადანაშაულებს.
„თქვენ უკვე სააკაშვილის გზით დადიხართ და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის მეთოდებს აბრუნებთ...“ - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მისი პოლიტიკურად განეიტრალების პროცესში ის სამჯერ „გადააგდეს“.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც წაყენებული ბრალი აღიარა, საპროცესო შეთანხმების გაფორმებამდე რამდენიმე დღით ადრე, 4 იანვარს აცნობეს, რომ „პირობები შეიცვალა და 5 წლით უნდა წავსულიყავი ციხეში“.
ღარიბაშვილი არ ახსენებს კონკრეტულ სახელებსა და გვარებს - ვისთან თანხმდებოდა ის სამართლებრივი დეტალები, რომელიც პროკურატურის განსახილველი და სასამართლოს დასამტკიცებელია.