წითლიძე: ღარიბაშვილს კიდევ უამრავ ბრალს დაუმატებენ, ერთადერთი გამოსავალია - ილაპარაკოს
ირაკლი ღარიბაშვილს „ქართული ოცნების“ პირობებში ციხიდან გამოსვლის ერთადერთ გზად წარსულზე ღიად საუბარი რჩება - ასე ეხმაურება ანი წითლიძე ყოფილი პრემიერის მორიგ წერილს. მისი თქმით, ღარიბაშვილს ყოველი ახალი განცხადების შემდეგ შესაძლოა ახალი ბრალდებები წარუდგინონ, ამიტომ მან უნდა ისაუბროს იმ ქმედებებსა და დავალებებზე, რომლებსაც, წითლიძის მტკიცებით, წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილთან ერთად ასრულებდა.
ღარიბაშვილთან დაკავშირებით ჩვენ რას ვხედავთ? გამოაქვეყნებს ახალ წერილს - დაუმატებენ ახალ ბრალს. და ღრაიბაშვილთან მიმართებაში გასაკვირი ნამდვილად არ არის ის, რაც ხდება, ღარიბაშვილმა უნდა იცოდეს ერთი რაღაც, რომ მას დაუმატებენ კიდევ უამრავი რაოდენობის ბრალს და უნდა იცოდეს, რომ "ქართული ოცნების" პირობებში ვერასდროს გამოვა ციხიდან როგორც არ უნდა სცადოს, რომ ივანიშვილს თავი შეაცოდოს. ერთადერთი გამოსავალი, რაც აქვს ღარიბაშვილს, არის ის, რომ ილაპარაკოს ყველა იმ სიბინძურეზე, რაც 14 წლის განმავლობაში მას უკეთებია ბიძინა ივანიშვილთან ერთად, ილაპარაკოს იმ დავალებებზე, რასაც ის ასრულებდა და რასაც ისინი იღებდნენ რუსეთიდან და ილაპარაკოს იმ 14 წლიან უბედურებაზე, რაც საქართველოს მოქალაქეებს მოუწყო, მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში გადაირჩენს თავს, - ამბობს ანი წითლიძე.
პატიმრობაში მყოფმა ექს-პრემიერმა, გუშინ ციხიდან სკანდალურ წერილი გამოაქვეყნა, სადაც მმართველ გუნდს აკრიტიკებს და "ოცნებას" ქვეყნის „უწყვეტ ქაოსსა და დაუსრულებელ კრიზისში“ შეყვანაში ადანაშაულებს.
„თქვენ უკვე სააკაშვილის გზით დადიხართ და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის მეთოდებს აბრუნებთ...“ - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მისი პოლიტიკურად განეიტრალების პროცესში ის სამჯერ „გადააგდეს“.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც წაყენებული ბრალი აღიარა, საპროცესო შეთანხმების გაფორმებამდე რამდენიმე დღით ადრე, 4 იანვარს აცნობეს, რომ „პირობები შეიცვალა და 5 წლით უნდა წავსულიყავი ციხეში“.
ღარიბაშვილი არ ახსენებს კონკრეტულ სახელებსა და გვარებს - ვისთან თანხმდებოდა ის სამართლებრივი დეტალები, რომელიც პროკურატურის განსახილველი და სასამართლოს დასამტკიცებელია.