ცნობილია რას ედავება დავით ფეიქრიშვილს პროკურატურა

23.09.26 17:04
ცნობილია რას ედავება დავით ფეიქრიშვილს პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ კრიმინალურ წრეებთან დაახლოებულ დავით ფეიქრიშვილს და მისი დაცვის თანამშრომელს, ალექსანდრე ჩაფოძეს  ბრალდება წარუდგინა.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, შუქნიშანთან გაჩერების გამო, დავით ფეიქრიშვილმა ავტომობილით მოძრავ დაზარალებულს შეურაცხმყოფელი ფრაზებით მოსთხოვა გზის გათავისუფლება, რის შემდეგაც დავით ფეიქრიშვილმა და ალექსანდრე ჩაფოძემ მას მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფიზიკურად იძალადეს მასზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.

პროკურატურა წერს, რომ აღნიშნული ქმედებით დავით ფეიქრიშვილმა და ალექსანდრე ჩაფოძემ უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, მათ შორის, შეაფერხეს საავტომობილო მოძრაობა და საზოგადოებისადმი გამოხატეს აშკარა უპატივცემულობა.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ხულიგნობა, ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადებში მიმართავს.

რაც შეეხება დავით ფეიქრიშვილის ძმას, გიორგი ფეიქრიშვილს ბრალის დადგენილებას ამ წუთებში აცნობენ. 

შსს-ის თანახმად, მან მოქალაქე თბილისში მდებარე საცხოვრებელ სახლში მიიყვანა, სადაც მას ე.წ. კრიმინალური მფარველობის სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხის გადახდა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

ვინ არის დაზარალებული ბიზნესმენი, ვისაც გიორგი ფეიქრიშვილმა, გამოძიების ვერსიით, ფული გამოსძალა ჯერ უცნობია. სპეცოპერაციით დაკავებულმა ტყუპებმა დუმილი გადაწყვიტეს. საქმის დეტალებზე არ საუბრობს მათი ადვოკატიც. 

მსგავსი სიახლეები