„ეს ფაქტი პოსტფაქტუმ, მასმედიის მეშვეობით გავიგე“ - კახიშვილი ჩორჩანას საგუშაგოს საქმეზე

23.09.26 17:05
„ეს ფაქტი პოსტფაქტუმ, მასმედიის მეშვეობით გავიგე“ - კახიშვილი ჩორჩანას საგუშაგოს საქმეზე

ჩორჩანას საქმეზე სასამართლომ მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი კახა კახიშვილი დაკითხა. ჩვენების მიცემის შემდეგ კახიშვილმა განაცხადა, რომ საგუშაგოს განთავსების შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციაში ოფიციალურად არ შესულა და თავად მომხდარის შესახებ მოგვიანებით, მედიიდან შეიტყო. ამასთან, მისი თქმით, ვერ გამორიცხავს, რომ მაშინდელ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს საკითხზე ინფორმაცია უშუალო კომუნიკაციის გზით ჰქონოდა.

“კითხვა ეხებოდა იმას, იყო თუ არა შემოსული ოფიციალური კორესპონდენცია ამ საკითხთან დაკავშირებით მაშინ, როდესაც მე გახლდით მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ოფიციალურად ინფორმაცია ამის შესახებ არ შემოსულა, იმიტომ, რომ ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც შემოდიოდა მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომაზე განსახილველად, ჩემი მეშვეობით ადიოდა პრემიერ-მინისტრთან. მე ვსწავლობდი, ვახსენებდი და შემდეგ ერთად ვადგენდით დღის წესრიგს.

რაც შეეხება კონკრეტულად მინისტრის პრემიერ-მინისტრთან კომუნიკაციას, რა თქმა უნდა, ყოველდღიურად ცალკე კომუნიკაციაც აქვთ და შეიძლება დღეში ათჯერაც ჰქონდეთ. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა არც იცის და ვერც ეცოდინება იმიტომ, რომ ასეთი ფორმატი არასდროს არ არის ცნობილი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსისთვის. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა იცის მხოლოდ ის, რაც ოფიციალურად, დოკუმენტურად შემოდის წერილის სახით ან განხილვის თხოვნით, ოღონდ წერილობით.

მე ეს ფაქტი პოსტფაქტუმ, მასმედიის მეშვეობით გავიგე. ზიანი დადგა თუ არა, ამ საკითხზე მსჯელობს სასამართლო და ამიტომ მე არ მინდა დღეს შევიდე ამ საკითხის განხილვაში და ჩემი შეფასებებით დავამძიმო ან არ დავამძიმო გადაწყვეტილების მიმღები პირები. მე შემიძლია ვისაუბრო მხოლოდ იმ ფაქტებზე, რომელიც უკავშირდებოდა ჩემს უფლებამოსილებას, როგორც ადმინისტრაციის უფროსის. უფლებამოსილებაში შედიოდა ყველა იმ ოფიციალური კორესპონდენციის შესწავლა, რომელიც შემოდიოდა მთავრობის ადმინისტრაციაში განსახილველად. ოფიციალურად ასეთი საკითხები შემოსული არ იყო.

უშუალოდ მინისტრსაც და პრემიერ-მინისტრებსაც ჰქონდათ უშუალო კომუნიკაცია. ბუნებრივია, შეიძლება რაღაც მოხდეს და დღეში 20-ჯერ ჰქონდეთ კონსულტაცია პრემიერს კონკრეტულ მინისტრთან, ვერც მეტყოდა, არც მეტყოდა. პრემიერი არის, ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, მინისტრის ხელმძღვანელი და შესაბამისად, ნებისმიერ საკითხზე, მათ შორის საკადრო, სტრუქტურული თუ სხვა საკითხები იქნება, რა თქმა უნდა, მინისტრსა და პრემიერ-მინისტრს აქვთ კონსულტაციები. ოფიციალური დოკუმენტის გარეშე კონსულტაციები, ბუნებრივია, მინისტრებს შორისაც ხდება, არა მხოლოდ პრემიერსა და მინისტრს შორის.

[მამუკა ბახტაძეს ჰქონდა თუ არა ინფორმაცია] ვერ გამოვრიცხავ, როგორ შეიძლება გამოვრიცხო ის, რაც არ ვიცი.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი არ არის პოლიტიკური თანამდებობის პირი, მინისტრისგან განსხვავებით, ამიტომ პოლიტიკური გუნდის საქმიანობაში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ვერ ერეოდა, თუ არ იქნებოდა, პირობითად, პრემიერ-მინისტრის თხოვნა, რომ ამ საკითხების განხილვას დავსწრებოდი. როდესაც მინისტრი ვიყავი, რა თქმა უნდა, ვიყავი პოლიტიკური თანამდებობის პირი და შესაბამისად, პოლიტიკური გადაწყვეტილების განხილვაში მონაწილეობას ვიღებდი, მაგრამ იმ პერიოდში ადმინისტრაციის უფროსი ვიყავი”, - განაცხადა კახი კახიშვილმა.

საქმეზე ბრალდებულია ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. პროკურატურის ვერსიით, მან სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს განთავსების გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო. გახარიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტითა და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი.

მსგავსი სიახლეები