"დადგა დრო, EU-მ გადახედოს თავის მცდარ გადაწყვეტილებას" - პაპუაშვილი ევროკავშირს ლუქსემბურგიდანაც აკრიტიკებს
შალვა პაპუაშვილი ევროკავშირს ლუქსემბურგიდანაც აკრიტიკებს - პარლამენტის თავმჯდომარე EU-ს ბრალს სდებს ინტეგრაციის პროცესის ცალმხრივად შეჩერებასა და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჩარევაში.
"თუმცა, ვფიქრობ, დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს ამ თავის მცდარ გადაწყვეტილებას" - თქვა შალვა პაპუაშვილმა.
ისევე როგორც ბელგიაში, ლუქსემბურგშიც კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ ჩვენი წუხილი ევროკავშირის მიერ 2024 წლის ივნისში მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომ ცალმხრივად შეეჩერებინა ინტეგრაციის პროცესი, ეს არ იყო სწორი, დასაბუთებული და სამართლიანი გადაწყვეტილება. მეტიც, თავის დროზე ამ გადაწყვეტილების მიზანი ვფიქრობ, რომ იყო საქართველოს არჩევნებში ჩარევა და გავლენის მოხდენა.
თუმცა, ვფიქრობ, დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს ამ თავის მცდარ გადაწყვეტილებას, ვინაიდან ფაქტია, რომ მგონი, სწორედ ეს არის ევროპულობა, რომ შეუძლებელია, კონფრონტაცია იყოს სწორი გზა - ევროკავშირი დგას დიალოგზე, სამართლიანობაზე და დისკუსიაზე და როდესაც დღეს მისი ზოგიერთი ხელმძღვანელი ცდილობს, ევროკავშირი და ინტეგრაციის პროცესი კონფრონტაციის ინსტრუმენტად აქციოს, ეს არასწორია.
ამიტომ, გვიხარია, რომ ლუქსემბურგის ხელისუფლების, ისე როგორც პარლამენტის დამოკიდებულება ამ მხრივ ემთხვევა ჩვენს დამოკიდებულებას, რომ სამართლიანი მოპყრობა არის მთავარი პრინციპი, რითაც უნდა სარგებლობდეს ევროკავშირის ინსტიტუტები და რომ დიალოგი და საუბარი არის ერთადერთი სწორი გზა. პასუხები არასდროს არ არის კონფრონტაციაში, პასუხები ყოველთვის არის დისკუსიაში", - განაცხადა პაპუაშვილმა.