ლევან მაჭავარიანი ამტკიცებს, რომ საპროტესტო აქციაზე "მჩხიბავები ჰყავდათ მიყვანილი"

24.09.26 14:43
ლევან მაჭავარიანი ამტკიცებს, რომ საპროტესტო აქციაზე "მჩხიბავები ჰყავდათ მიყვანილი"

 

 

 

შალვა პაპუაშვილის შემდეგ, პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ განცხადებები "ოცნების" წევრებმაც გააკეთეს - დღეს ლევან მაჭავარიანი ტელეკამერების წინ ამტკიცებდა, რომ საპროტესტო აქციაზე "მჩხიბავები ჰყავდათ მიყვანილი". 

"ოცნების" წევრმა პარლამენტის თავმჯდომარის მსგავსად პროტესტში ჩართულ მონაწილეებს "ემოციურად დაზიანებულები"  უწოდა და ირწმუნებოდა, რომ მათ "გარე ძალები იყენებენ". 

“რთულია, რომ ბატონ პაპუაშვილს არ დავეთანხმო. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი უკიდურესად არასასიამოვნოდ განვითარდა და მართლა რაღაც სექტად არის ჩამოყალიბებული. ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უამრავი სატანისტური რიტუალი ვიხილეთ, მჩხიბავები ჰყავდათ მიყვანილი. რაღაც საშინელება, სამარცხვინო. იმედს გამოვთქვამთ, რომ ემოციურად დაზიანებული ადამიანები ამ მდგომარეობიდან გამოვლენ და მიხვდებიან, რომ მათ გარე ძალები იყენებენ იმისთვის, რომ საერთაშორისო პრესაში რაღაც ჰედლაინები ჰქონდეთ, თითქოს, უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. როდესაც ადამიანი რუსთაველზე გაივლი, დაინახავ რომ 20-25 ადამიანი დგას. სამწუხაროდ, უცხო ძალებს ასე აყენებინებენ საკუთარ თავს და მართლა ძალიან დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ ამ ყველაფერს ისინი გააცნობიერებენ,” - განაცხადა მაჭავარიანმა.

პაპუაშვილის განცხადების სულისკევთებას იზიარებს ზვიად შალამბერიძეც - "ოცნების" წევრი ირწმუნება, რომ "ეს არის ინერციით გაგრძელებული პროტესტი, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარემ სწორი შეფასება გაუკეთა და ერთგვარ სექტად მოიხსენია".

ეს არის ინერციით გაგრძელებული პროტესტი, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარემ სწორი შეფასება გაუკეთა და ერთგვარ სექტად მოიხსენია. რა თქმა უნდა, არ არის მისასალმებელი, როდესაც პროტესტი, რომელშიც გულანთებული ადამიანები მონაწილეობდნენ და თავიანთ სურვილებს ღიად გამოხატავდნენ, სექტის სახით მივიღეთ. ვფიქრობ, ამ ადამიანებმა ეს სწორად უნდა შეაფასონ, თავიანთი საქციელი გადააფასონ, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღონ, იმიტომ რომ ასეთი პროტესტის გაგრძელებას ნამდვილად აღარ აქვს აზრი,“ - განაცხადა შალამბერიძემ.

შალვა პაპუაშვილმა პროტესტის მონაწილეებს "აგრესიული თემი და ფსევდორელიგიური ფუნდამენტალისტური სექტა" უწოდა.

პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვრცელ პოსტში ირწმუნება, რომ “ამ ფსევდორელიგიური სექტის დოგმატიკაში ევროკავშირი „აღთქმული მიწაა“, 78-ე მუხლი - მრწამსი, რეზოლუციები - მცნებები, უცხოელი პოლიტიკოსი კი უმაღლესი ქურუმი”.

 

მსგავსი სიახლეები