"საჭიროა მკაფიო, დროული პოლიტიკური რეაქცია" - ზურაბიშვილი საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში

24.09.26 20:05
"საჭიროა მკაფიო, დროული პოლიტიკური რეაქცია" - ზურაბიშვილი საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში

საქართველოში არსებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამოქალაქო კრიზისზე გაამახვილა ყურადღება საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის შენობაში საქართველოს შესახებ გამართულ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა. 

დისკუსია საფრანგეთ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფმა მოაწყო - ღონისძიება ჯგუფის პრეზიდენტმა, პარლამენტის წევრმა სტივი გუსტავმა და სალომე ზურაბიშვილმა გახსნეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საფრანგეთის პარლამენტის წევრები, სენატორები, პოლიტიკური მოღვაწეები, ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

პრესსამსახურის ცნობით, გახსნით სიტყვაში ზურაბიშვილმა ვრცლად ისაუბრა ქვეყანაში "დემოკრატიული სივრცის შეზღუდვასა და რეპრესიებზე".

ზურაბიშვილის თქმით,"ქვეყანაში მიმდინარეობს მოსაზრებებისა და სამოქალაქო ქცევის კრიმინალიზება, დამოუკიდებელი ინსტიტუტების დემონტაჟი, ოპოზიციური პარტიები კი, აკრძალვის რეალური საფრთხის წინაშე დგანან".

სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის რუსეთზე დამოკიდებულების ზრდაზე,  ე.წ. „ნაცრისფერი ზონად” გადაქცევაზე და აღნიშნა, რომ "საქართველო ექცევა რუსეთის ეკონომიკური და ენერგეტიკული გავლენის ქვეშ, რასაც ხელი შეუწყო მსხვილი ჰესების პროექტების შეჩერებამ. პარალელურად, პორტები, საჰაერო მიმოსვლა და კრიპტოვალუტის სექტორი აჩენს სერიოზულ კითხვებს რუსეთისთვის საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობებთან დაკავშირებით".

მისი თქმით,  "ხელისუფლება ახორციელებს სისტემურ შეტევას ქართულ იდენტობასა და კულტურაზე (მათ შორის Kordz-ის კონცერტისა და ფესტივალის გაუქმების მაგალითზე), იყენებს „რუსოფობიის“ ნარატივს კრიტიკის ჩასახშობად და ცდილობს ისტორიული მეხსიერების რევიზიას".

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მკაცრი კანონებისა და ჯარიმების მიუხედავად, სამოქალაქო საზოგადოება, დამოუკიდებელი მედია, სინდისის პატიმრები და ცალკეული მოსამართლეები აგრძელებენ პრინციპულ წინააღმდეგობას.

მეხუთე პრეზიდენტმა ისაუბრა ევროპული მხარდაჭერისა და სოლიდარობის საჭიროებაზე და აღნიშნა, რომ "საქართველოს მაგალითი არის გაფრთხილება მთელი ევროპისთვის. ევროპული მხრიდან საჭიროა მკაფიო, დროული პოლიტიკური რეაქცია და დიპლომატიური სოლიდარობა, რათა ავტორიტარულ ტენდენციებს შესაბამისი ფასი დაედოს".

პრესსამსახურის ცნობით, კოლოქვიუმის ფარგლებში გაიმართა ორი სამუშაო დისკუსია : „თავდასხმები დემოკრატიაზე 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ“ და „კულტურა, როგორც წინააღმდეგობის ინსტრუმენტი“.

ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო საქართველოში გამართული საპროტესტო აქციებისა და არსებული რეპრესიების ამსახველი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ვიდეომასალა.

აღინიშნა, რომ საქართველოს დემოკრატიული მომავალი უპირველესად ქართველი ხალხისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთიანობაზეა დამოკიდებული, თუმცა საერთაშორისო პარტნიორების აქტიური მხარდაჭერა და პროცესების მეთვალყურეობა გადამწყვეტ როლს თამაშობს.

მსგავსი სიახლეები