რას არ მიმართეს, რომ გაემართლებინათ პირველი ლედის სტვენა - ზურაბიშვილი სკანდალურ კადრებს გამოეხმაურა

24.09.26 22:51
რას არ მიმართეს, რომ გაემართლებინათ პირველი ლედის სტვენა - ზურაბიშვილი სკანდალურ კადრებს გამოეხმაურა

სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ "ქართული ოცნების" პროპაგანდა აღარ მუშაობს. როგორც საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა გადაცემა "რეაქციისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ტროლ-ბოტების არსებობას უკვე "ქართული ოცნების" მხარდამჭერებიც კი აკრიტიკებენ. 

ზურაბიშვილმა ამ კონტექსტში პირველი ლედის მონაწილეობით გავრცელებული ვიდეო-კადრები ახსენა და თქვა, რომ პროპაგანდას ბევრი ძალისხმევა დასჭირდა, გაემართლებინა თამარ ბაგრატიონის სტვენა ქორწილში. 

პროპაგანდა ყოველდღიურად ნაკლებად და ნაკლებად მუშაობს. ვრცელდება კიდევ ვიღაცებზე, მაგრამ თუ გადახედავთ თუნდაც სოციალურ ქსელს და თუნდაც გუშინდელ ბოტებს, ტროლებს და ა.შ. ძალიან შერყეული აქვთ ეს ნდობა მათი და ნდობა მათი პროპაგანდის.

ასე რომ იძულებული არიან, არ ვიცი, თუ ნახეთ რამდენად, რას არ მიმართეს იმისთვის, რომ გაემართლებინათ პირველი ლედის სტვენა, მე ამ საკითხს არ შევეხებოდი, არ მაინტერესებს, მაგრამ თვითონ მოძებნეს თურმე რაღაც მაგალითები ისტორიულ წარსულში - დიდი კვლევა წარმოადგინეს იმის შესახებ, რომ ეს არ ყოფილა მხოლოდ ამ პირველი ლედის დამახასიათებელი. ყველაფერზე ძალიან რეაგირებენ! - ამბობს სალომე ზურაბიშვილი. 

 საქართველოს პირველი ლედის, თამარ ბაგრატიონის (მიხეილ ყაველაშვილის მეუღლის)  „სტვენა“ სოციალურ ქსელებსა და მედიაში აქტუალური გახდა 2026 წლის სექტემბერში გავრცელებული კადრების გამო.

ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ უსტვენს თამარ ბაგრატიონი ერთ-ერთ ქორწილში.