აქციის მონაწილეებს "სექტა" ირაკლი კობახიძემაც უწოდა
თანაპარტიელების შემდეგ, უკვე ირაკლი კობახიძემ მოიხსენია "სექსტად" უწყვეტი პროტესტის აქციის მონაწილეები - მტავრობის მეთაურმა პროტესტანტებზე იერიში შეერთებული შტატებიდან მიიტანა.
კობახიძის მტკიცებით, აქციის მონაწილეებს დავალება აქვთ მიღებული, რომ "სექტის სახით იმოქმედონ", რაც მისივე შეფასებით, ტრაგიკულია.
მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში თუნდაც ხან 20, ხან 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული. თუმცა მათი ერთგვარი თვითმიზანია, რომ ყოველდღიურად შეიკრიბონ, რათა ამ ყველაფერს დაარქვან უწყვეტი პროტესტი. პირიქით, ამ ქმედებებით ხდება მათი ე.წ. პროტესტის დისკრედიტაცია. როდესაც გამოდიხარ ყოველდღე და ყოველდღე აჩვენებ საზოგადოებას იმას, რომ ხარ ცოტა, ეს ბუნებრივია არავითარ ლოგიკაში არ ჯდება გარდა ერთისა - მათ აქვთ მიღებული დავალება და მათი დავალება პირველ რიგში სწორედ სექტის ფორმით მოქმედებაა. ეს მათი სამწუხარო არჩევანია, ეს არის მათი ტრაგიკული არჩევანი. საზოგადოება ხედავს ყველაფერს და სწორედ ამის გამოა, რომ საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა მხარს უჭერს არა ე.წ. პროტესტს, არამედ ხელისუფლების მიერ გაცხადებულ და განხორციელებულ კურსს,“- აღნიშნა კობახიძემ
შალვა პაპუაშვილმა პროტესტის მონაწილეებს "აგრესიული თემი და ფსევდორელიგიური ფუნდამენტალისტური სექტა" უწოდა.
პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვრცელ პოსტში ირწმუნებოდა, რომ “ამ ფსევდორელიგიური სექტის დოგმატიკაში ევროკავშირი „აღთქმული მიწაა“, 78-ე მუხლი - მრწამსი, რეზოლუციები - მცნებები, უცხოელი პოლიტიკოსი კი უმაღლესი ქურუმი”.
პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც ამჟამად ლუქსემბურგში იმყოფება, ანალოგიური განცხადება შედმდეგ უკვე ტელეკამერების წინაც გაიმეორა.