“არანაირი განსხვავებული მესიჯები არ არის“ - რას ამბობენ “ოცნებაში“ კობახიძის სიტყვით გამოსვლაზე

25.09.26 13:26
“არანაირი განსხვავებული მესიჯები არ არის“ - რას ამბობენ “ოცნებაში“ კობახიძის სიტყვით გამოსვლაზე

მმართველ გუნდში ირაკლი კობახიძის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლას წარმატებულად აფასებენ და ამბობენ, რომ მათი გზავნილები ყოველთვის ერთნაირია და მათ უნდა დიალოგი პარტნიორებთან.

თბილისის მერი ამტკიცებს, რომ კობახიძეს არ გაუკეთებია იმისგან განსხვავებული განცხადებები, რასაც ქვეყნის შიგნით ამბობს.

კალაძის თქმით, სწორედ დიალოგია მნიშვნელოვანი ურთიერთობების განახლებისთვის, თუმცა, აქვე ამატებს, რომ ურთიერთობები უნდა განახლდეს ახალი ფურცლიდან დ არა ისე, როგორც აქამდე იყო. 

„არანაირი განსხვავებული მესიჯები არ არის. მოგისმენიათ თუნდაც ჩემს მიერ გაკეთებული განცხადება და ახლაც გავიმეორებ: საქართველოს ხელისუფლება მზად არის, ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ის, რომ ეს ურთიერთობები იყოს მეგობრული, სტრატეგიული პარტნიორობის და ურთიერთობების მხრივ გამართული.

საქართველოს ხელისუფლება მზად არის იმისთვის, რომ გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რომ ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან, მაგრამ ის,  რომ ჩვენ ვისმენდით მოწოდებებს, რომელიც, თუ გადავდგამდით ამ კონკრეტულ ნაბიჯს და გავითვალისწინებდით მათ მოწოდებებს, რასაც ვისმენდით, დამღუპველი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის და მე მხედველობაში მაქვს მეორე ფრონტის გახსნა, სანქციებზე მიერთება, ეს არ არის მეგობრობა. როდესაც შენ ქვეყანას მეგობარს უწოდებ და პარალელურად აკეთებ ისეთ მოწოდებებს, რომელიც იმ ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება, თუ ის ამას გააკეთებს, ეს მეგობრობა არ არის. 

აშშ -ის წინა ადმინისტრაცია იყო არასამართლიანი, არამეგობრული იმ გადაწყვეტილებებით და დამოკიდებულებით, რაც ჰქონდათ ქართველი ხალხის და სახელმწიფოს მიმართ. დღევანდელ პრეზიდენტს და ადმინისტრაციას შეუძლია ეს არასამართლიანი დამოკიდებულება მარტივად გამოასწოროს. ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ თანამშრომლობა ახალი ფურცლიდან“, - აღნიშნა კალაძემ.

ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას „უმთავრეს პრიორიტეტებად”  „მშვიდობის შენარჩუნება და საერთაშორისო თანამშრომლობის განმტკიცება” დაასახელა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო მზად არის იმისათვის, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან კონსტრუქციულად ითანამშრომლოს და ამ პროცესში აქტიური წვლილი შეიტანოს - ასევე დასძინა, რომ ხანგრძლივი პარტნიორობა მხოლოდ დიალოგით მიიღწევა და ეს შედეგი არასოდეს არ დადგება ზეწოლის ან იძულების გზით.

კობახიძემ ასევე აქცენტი გააკეთა სუვერენიტეტის მნიშვნელობაზე და საქართველოს ეკონომიკურ შედეგებზე.

სიახლეა ის, რომ კობახიძემ თავის სიტყვაში რუსეთს ოკუპანტი უწოდა.