ჩვენი პარტნიორები საქართველოსგან ცვლილებას ელიან - ნინო დოლიძე ალან ბერსესთან შეხვედრაზე

29.09.26 12:41
ჩვენი პარტნიორები საქართველოსგან ცვლილებას ელიან - ნინო დოლიძე ალან ბერსესთან შეხვედრაზე

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წევრები სტრასბურგში ევროსაბჭოს წარმომადგენლებს ხვდებიან.

 „სამართლიანი არჩევნების“ ყოფილი ხელმძღვანელის და საარჩევნო საკითხების სპეციალისტის, ნინო დოლიძემ განცხადებით, მათ შეხვედრა გამართეს ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან ალან ბერსესთან, რამაც გამოკვეთა, რომ ევროსაბჭოში საქართველოში არსებული ვითარების შესახებ კარგად იციან.

„სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ვაგრძელებთ ადამიანის უფლებების დაცვას. ვიმყოფებით სტრასბურგში და გვაქვს შეხვედრები ევროსაბჭოს სხვადასხვა წარმომადგენელთან. გვქონდა შეხვედრა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, ალან ბერსესთან და როგორც მასთან შეხვედრა, ასევე სხვა შეხვედრები ადასტურებს, რომ, რა თქმა უნდა, აქ ძალიან კარგად იციან საქართველოში არსებული მდგომარეობა. ასევე კარგად იციან, რომ ჩვენ არ გვაქვს არანაირი პროგრესი მიუხედავად იმისა, რომ არაერთი რეზოლუცია იქნა მიღებული საქართველოსთან დაკავშირებით და არსებობს არაერთი მოთხოვნა თუ პირობა იმისთვის, რომ ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდეს. შესაბამისად, ერთი მხრივ, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ადვოკატირებას, თუმცა ნათელია, რომ ჩვენი პარტნიორები საქართველოსგან ელიან ცვლილებას. ისინი დგანან ქართველი ხალხის გვერდით და იქნებიან ბოლომდე იმისთვის, რომ დაიცვან საქართველოში დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა“, - განაცხადა ნინო დოლიძემ.

ქართული სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმაც, სადაც აღნიშნა, რომ შეხვედრა ძალიან ღირებული იყო და გამოკვეთა საკითხები, სადაც ევროსაბჭოს თავისი გავლენის გაძლიერება შეუძლია.

მსგავსი სიახლეები