კალაძე არის თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული, მატყუარა და უპასუხისმგებლო მერი - კუპრაძე

29.09.26 14:25
კალაძე არის თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული, მატყუარა და უპასუხისმგებლო მერი - კუპრაძე

9 წელი გავიდა, რაც კახა კალაძე მესამე ვადით არის თბილისის მერი და  ზუსტად 9 წლის წინ რაც ითქვა მის მიერ, სრული უმრავლესობა ამ დაპირებებისა დღეს არ არის შესრულებული, - ამის შესახებ „ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

კუპრაძის თქმით, კალაძე არის თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული, მატყუარა და უპასუხისმგებლო მერი, რომელმაც არც ერთ სიკვდილზე და ნგრევაზე პასუხისმგებლობა არ აიღო.

მისი თქმით, იბრძოლებენ ბოლომდე, ვიდრე თითოეულ დაპირებასა და ტყუილზე პასუხისმგებლობა არ დაეკისრება ქალაქის მერს.

მაყურებელმა ახლა ნახა 2017 წელს, ზუსტად 9 წლის წინ, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის წინ ერთ-ერთი პირველი პრეზენტაცია კახა კალაძის საარჩევნო დაპირებების.

9 წელი გავიდა 2017 წლის შემდეგ და კახა კალაძე მესამე ვადით არის თბილისის მერი. 2017 წლიდან მოყოლებული, ზუსტად 9 წლის წინ რაც ითქვა კახა კალაძის მიერ, სრული უმრავლესობა ამ დაპირებებისა დღეს არ არის შესრულებული.

მივმართავ კახა კალაძეს, კახი, ყველას თავისი 9 წელი აქვს და შენი 9 წელი არის კორუფციის, უკანონობის, უსამართლობის, ტრაგედიების და ვერ აღებული პასუხისმგებლობების 9 წელი!

კახა კალაძის 9 წელი არ დარჩება დაუსჯელი იმიტომ, რომ ამ 9 წლის განმავლობაში კალაძემ მოატყუა თბილისელები, მოგატყუათ თქვენ, ჩემო მეგობრებო, თანაქალაქელებო. ფურცლის ორივე მხარეს კალაძის ტყუილები წერია და რომლიდან დავიწყო არ ვიცი, მაგრამ გაგახსენებთ რამდენიმე ძირითად საკითხს, რაზეც კალაძე აქტიურად საუბრობდა წლების განმავლობაში და არცერთი დაპირება არ შეასრულა.

სწორედ 9 წლის წინ, 2017 წელს, ფილარმონიასთან უნდა გაეხსნა მიწისქვეშა პარკინგი. მთელი თბილისის მასშტაბით უნდა გაკეთებულიყო 10 უზარმაზარი მიწისქვეშა პარკინგი. 9 წლის განმავლობაში თითქმის 5000-ით შემცირდა საპარკინგე ადგილების რაოდენობა, მაგრამ კალაძემ გაუკეთა უზარმაზარი საჩუქარი თბილისელებს და სხვადასხვა ჯარიმა, ზოგი 100, ზოგი 150%-ით გაზარდა. უკვე 2026 წელს რეკორდული მაჩვენებელი ჯარიმებისა ამოიღო კალაძემ თბილისელების ჯიბიდან, სწორედ თქვენი ჯიბიდან - შეამცირა პარკინგების რაოდენობა, 9 წლის განმავლობაში არ შეასრულა პირობა 10 მიწისქვეშა საპარკინგე სივრცესთან დაკავშირებით, ამ დროს უფრო მეტი ფული წაგართვათ, ამოგიღოთ ჯიბიდან, მოგპარათ!

2018 წელს გაგვიანონსა, რომ თბილისი-რუსთავის მიწისზედა მეტრო აშენდებოდა. 8 წლის წინ თქვა სწორედ ეს პირობა და კალაძემ ესეც არ შეასრულა. რუსთავსა და თბილისს შორის დღეს არის სატრანსპორტო კოლაფსი, რომელზეც პასუხისმგებლობა დღემდე არ აუღია. ამასობაში, კალაძემ ჩაატარა კვლევა და 12 მილიონი დახარჯა სულ ახლახანს ამ კვლევაზე, რომელსაც ათქმევინა, რომ თურმე რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი მიწისზედა მეტრო არ აშენდება. 12 მილიონი დახარჯა იმაში, რომ თქვენთვის ნათქვამი ტყუილი "გაეპრავებინა". წარმოუდგენელ დანაშაულთან და უპასუხისმგებლობასთან გვაქვს საქმე!

ამ 9 წლის განმავლობაში კალაძემ სხვადასხვა კამპანიის პირობებში, დადო პირობა, რომ 8 მეტროსადგურს ააშენებდა და ეს არის ტყუილი, უპასუხისმგებლობა, რომელიც კიდევ ერთხელ არ შესრულდა. ახმეტელის მეტროს უნდა ჰქონოდა 2024 წელს ახალი მეორე ამოსასვლელი იმიტომ, რომ ერთ-ერთი ხალხმრავალი ადგილია. არ გაკეთებულა და ისევ მოატყუა თბილისელები კალაძემ. იგივე მდგომარეობაა მარჯანიშვილის მეტროსთან მიმართებით. მან დადო პირობა მარჯანიშვილის მეტროსთან, რომ 2026 წელს უკვე მარჯანიშვილის მეტროს ექნებოდა მეორე ამოსასვლელი, თუმცა ესეც არ შესრულდა, ისევ ტყულთან გვაქვს საქმე.

გურამიშვილის მეტროს რეაბილიტაციის საკითხი დგას 2017 წლიდან. 9 წელი გავიდა და გურამიშვილის მეტრო ისევ არის ზეზვასა და მზიას გამოქვაბული, რომელზეც კალაძეს არ აუღია პასუხისმგებლობა! ხელოვნურად გამოთლილი გვირაბი, რომელსაც სახურავი ვერ გაუკეთეს. მრავალი წლის განმავლობაში კალაძე თავს იმართლებდა, იმიტომ გაჩერდა გურამიშვილის მეტროს რეაბილიტაცია, რომ თურმე ვარკეთილის მეტროს სახურავს და ფასადს აკეთებდნენ და ისიც სიმწრით დაასრულეს.

კიდევ ერთი ტყუილი, რომელიც თბილისელების ნერვებზე და ფინანსებზე აისახება - მტკვარზე ხიდების მშენებლობა და ეს დაპირება მორიგი ტყუილი აღმოჩნდა თბილისელებისთვის. გელოვანის გამზირი და სამტრედიის ქუჩა, სადაც პრეზენტაცია წარმოადგინა, რომ დამაკავშირებელი ხიდი უნდა ყოფილიყო მტკვარზე. ისევ ტყუილი, ისევ უპასუხისმგებლობა, ისევ გადაგდება კალაძის 9-წლიანი მმართველობის პირობებში.

მთავრობის სხდომაზე კახა
კალაძემ გააკეთა განცხადება, რომ "ვეფხი და მოყმესთან" უნდა მოწყობილიყო სატრანსპორტო კვანძი, რაშიც უნდა დახარჯულიყო 300 მილიონზე მეტი. სადმე ხედავთ თბილისელები "ვეფხი და მოყმის" წრიულთან რაიმე სატრანსპორტო კვანძს ან დამაკავშირებელს მეორე სანაპიროსთან? ვერ ხედავთ იმიტომ, რომ კალაძე არის თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული, მატყუარა და უპასუხისმგებლო მერი, რომელსაც არცერთ ტრაგედიაზე, ტრაგედიების ჩამონათვალს ახლა არ გავაკეთებ, არცერთ მძიმე ტრაგედიაზე, არცერთ სიკვდილზე, არცერთ ნგრევაზე პასუხისმგებლობა არ აუღია დედაქალაქში!

ბოლოს ნაგავსაყრელი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა.

თბილისის ნაგავსაყრელი, რომლის რეაბილიტაცია 2016 წელს "ქართული ოცნების" პირობებში დაჯდა 11 მილიონი ლარი, ტენდერი გამოცხადდა, შემდეგ 17 მილიონი ლარი ჩაახარჯეს თავიდან და დღემდე იმავე პრობლემების წინაშეა.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კალაძის კორუფციული, ტყუილზე და უპასუხისმგებლობაზე დაფუძნებული 9 წელი დასრულების პირას არის, თუმცა ვპირდები პერსონალურად კალაძეს და მის გუნდს, კორუმპირებულ "ქართულ ოცნებას", არ მოგეშვებით და ყველა იმ პირობას, რომელიც საბოლოოდ აღმოჩნდა ტყუილი, თბილისელების გადაგდებას და უპასუხისმგებლობას, ყოველდღიურად გაგახსენებთ იმისთვის, რომ თბილისელებს კიდევ ერთხელ ვუთხრათ, ვისი მმართველობის ქვეშ იმყოფება დღეს დედაქალაქი.

"ძლიერი საქართველო-ლელო" ვიბრძოლებთ ბოლომდე, სანამ ყველა, თითოეულ ტყუილსა და გადაგდებაზე პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ შესაბამის პირებს და კონკრეტულად კახა კალაძეს!,- განაცხადა კუპრაძემ.

მსგავსი სიახლეები