რას ამბობს პაპუაშვილი ლევან ახობაძის გათავისუფლებაზე

02.10.26 13:48
რას ამბობს პაპუაშვილი ლევან ახობაძის გათავისუფლებაზე

შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ პროკურატურა მართლმსაჯულების ინტერესებში მოქმედებდა, როდესაც სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, ლევან ახობაძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას დაეთანხმა. 

"მე ვენდობი პროკურატურას" - უთხრა დღეს "პირველებს" პარლამენტის თავმჯდომარემ. 

საკითხი მე როგორც ვნახე ეხება წინასწარი პატიმრობის საკითხს და არა სასამართლო განაჩენის საკითხს. დანარჩენი ყველაფერი არის მართლმსაჯულების საკითხი. პროკურატურა, რა თქმა უნდა, მოქმედებს მართლმსაჯულების ინტერესებში. თუკი რაიმე სხვა თანამშრომლობა არსებობს, მე არ ვიცი.

პროკურატურას თქვენ აკვირდებით, რომ აქვს ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები, კორუფციული ხასიათის, რომელსაც ის მიჰყვება და ეს საკითხები არის კომპლექსური, შეიძლება ერთმანეთთან კავშირში მყოფი ან არმყოფია. 

(კითხვა - ანუ არ გამორიცხავთ, რომ შესაძლოა ღარიბაშვილთან დაკავშირებით ახობაძე ფლობდეს ინფორმაციას?)

მე ამ საკითხში ჩახედული არ ვარ და ვერ გავაკეთებ კომენტარს. მე მაქვს ნდობა პროკურატურის მიმართ". - განაცხადა პაპუაშვილმა. 

კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულ ლევან ახობაძე 500 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა მიიღო. 

ახობაძის ადვოკატი ირწმუნება, რომ ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან "დამატებითი ინფორმაციის" სანაცვლოდ გათავისუფლდა.

პროკურატურა კი ამბობს, რომ სუს-ის ყოფილი მაღლჩინოსანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი მისი მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეების შემცირება გახდა.

ლევან ახობაძეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებიან. პროკურატურა ამტკიცებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, მეწარმეს დახმარების სანაცვლოდ სანაცვლოდაც ქრთამის სახით 500 000 ლარი მოითხოვა, [საბოლოოდ 250 000 ლარის გადაცემაზე შეთანხმდნენ].

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.