სირიისგან უნდა მივიღოთ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარება - კაია კალასი
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, სირიასთან ახალი ასოცირების შეთანხმების მომზადებისას ერთ-ერთი განსახილველი საკითხი საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებაც იქნება.
ამის შესახებ კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მისივე თქმით, ამასთან, სირია მკაფიოდ უნდა გაემიჯნოს ასადის მემკვიდრეობას.
ევროკავშირი სირიასთან ურთიერთობების მნიშვნელოვან გაღრმავებას ცდილობს. დღეს მინისტრებმა მხარი დაუჭირეს ევროკავშირსა და სირიას შორის ასოცირების შეთანხმების პროცესის წინ წაწევას. წევრ სახელმწიფოებთან ერთად, ჩვენ ვიმუშავებთ ტექნიკურ და სამართლებრივ დეტალებზე, რათა ეს შეთანხმება ხელმოსაწერად მომზადდეს. სირიას სჭირდება ინვესტიციები და წარმატებული გარდამავალი პერიოდი. ამ საკითხზე მსჯელობისას, მინისტრები ბევრ პირობას აყენებდნენ. ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს მკაფიო პირობითობა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით. ასევე უნდა მივიღოთ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარება, რომლებიც მათ ასადის რეჟიმის დროს აღიარეს, და სხვა საკითხები, რომლებსაც წევრი სახელმწიფოები გვთავაზობენ, - განაცხადა კალასმა.