ALDE მოუწოდებს EU-ს, მიზანმიმართული სანქციები დაუწესოს იმ პირებს, რომლებიც საქართველოში რეპრესიებსა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე არიან პასუხისმგებელი

03.10.26 19:54
ALDE მოუწოდებს EU-ს, მიზანმიმართული სანქციები დაუწესოს იმ პირებს, რომლებიც საქართველოში რეპრესიებსა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე არიან პასუხისმგებელი

„ევროპული ლიბერალური და დემოკრატიული პარტიების გაერთიანება“ - ALDE Party მოუწოდებს ევროკავშირს, მიზანმიმართული სანქციები დაუწესოს იმ პირებს, რომლებიც საქართველოში რეპრესიებსა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე არიან პასუხისმგებელი.

შესაბამისი წერილი ALDE-ს პრეზიდენტმა სვენია ჰანმა და „ევროპის ლიბერალური ფორუმის“ პრეზიდენტმა იან-კრისტოფ ოიტიენმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს, მარტა კოსს გაუგზავნეს:

„გწერთ საქართველოში დემოკრატიული მდგომარეობის სწრაფ გაუარესებასთან დაკავშირებით, კერძოდ, „ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის“ (FNF) იძულებითი გადაწყვეტილების გამო, რომ თბილისში თავისი ოფისი დახუროს, რომელმაც ქვეყანაში ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში იმუშავა. FNF იძულებული გახდა, საქართველოში მისი საქმიანობა შეეწყვიტა მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მისი საგრანტო განაცხადი არ დააკმაყოფილა. ხელისუფლებამ ნათლად დააფიქსირა, რომ FNF-ის საქმიანობა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა ნებადართული, თუ ის ხელისუფლების პრიორიტეტებთან შესაბამისობაში მოვიდოდა. აღნიშნულ პირობებში, FNF-მა დაასკვნა, რომ როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ფონდი, მისი მისიის შესრულებას ვეღარ შეძლებდა.

„მოვლენების აღნიშნული განვითარება აჩვენებს, თუ რამდენად შორდება „ქართული ოცნების“ რეჟიმი იმ სტანდარტებს, რაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან არის მოსალოდნელი და შემაშფოთებელ სიგნალს უგზავნის ყველას, ვისაც ევროპული მისწრაფებები აქვს. ის, რაც საქართველოში ხდება, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მისი მოქალაქეებისთვის, არამედ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის სანდოობისთვის და დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების მიმართ მისი ერთგულებისთვის. კვლავ მოვუწოდებთ ევროკავშირს, მიზანმიმართული სანქციები დაუწესოს იმ პირებს, რომლებიც საქართველოში რეპრესიებზე, დემოკრატიისა და ფუნდამენტური თავისუფლებებისთვის სისტემატურ ძირის გამოთხრაზე არიან პასუხისმგებელი. ევროკავშირის პოლიტიკური ლიდერობა მნიშვნელოვანია შემდგომი უკუსვლის თავიდან ასაცილებლად და იმის საჩვენებლად, რომ მსგავს ქმედებებს შედეგები მოჰყვება. ევროკავშირმა უნდა უზრუნველყოს, რომ დემოკრატიისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დამცველები მხარდაჭერის გარეშე არ დარჩნენ“,- ნათქვამია წერილში.

 

მსგავსი სიახლეები