„საკუთარ ღირსებას ვნებს“ - კალაძე ამტკიცებს, რომ პატიმარ დავითაძის მიმართ "გადაცდომას ადგილი არ ჰქონია"
კახა კალაძე გიორგი დავითაძის მიერ რუსთავის ციხეში შესაძლო წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს „დაგეგმილ პროცესს“ უწოდებს და წინასწარვე გამორიცხავს პენიტენციური სისტემის თანამშრომლების მხრიდან რაიმე გადაცდომას. თბილისის მერი ამტკიცებს, რომ გავრცელებულ კადრებში დარღვევა არ ჩანს და, მეტიც, მისი თქმით, 2012 წლის შემდეგ საქართველოს ციხეებში არაადამიანური მოპყრობის არცერთი ფაქტი არ ყოფილა.
ეს არის ჩვეულებრივი, დაგეგმილი პროცესი. თუ დააკვირდებით, როგორ დაიწყო და განვითარდა ეს ყველაფერი, ერთი რამ არის საინტერესო: გაუპატიურების მცდელობის ეს ვითომ ფაქტი, როგორც ამბობენ, 2025 წელს მოხდა. ამდენი ხნის განმავლობაში რა ხდებოდა? აქ მეორე მთავარი უბედურება ის არის, როდესაც კონკრეტული ადამიანი, პატიმარი ვნებს საკუთარ ღირსებას და თავს ამ ტიპის განცხადებებით.
დიახ, ვნახე [კადრები] - როგორც ყველამ, ისე ვნახე მეც. რაც ყველამ დაინახა, ის ვნახე მეც. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია. ეს არის რეალობა და სიმართლე. 2012 წლის შემდეგ თქვენ ვერ დაასახელებთ ვერცერთ ფაქტს, ამ შემთხვევაში, ავიღოთ ციხეები არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით, ვერცერთ ფაქტს ვერ წარმოადგენთ, იმიტომ, რომ ზოგადად არ არსებობს და არ ყოფილა. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენთვის მთავარი არის ადამიანი და ადამიანის ღირსება, - ამბობს კალაძე.
ახალგაზრდა პატიმარმა რუსთავის ციხეში მის მიმართ შესაძლო წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ მოსამართლის წინაშე ისაუბრა.
ოჯახი ხელისუფლებას პატიმრის მიმართ შესაძლო წამებისა და არასათანადო მოპყრობის საქმის გამოძიების გაჭიანურებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ციხეებში არსებულ ვითარებაზე საჯარო ბრძოლას იწყებს.
გიორგი დავითაძის ოჯახი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" პირობებში საქმის ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვთ, რადგან, მათი თქმით, თავად სისტემაა ამ სისასტიკის შემოქმედი.