კოლეჯიდან არ წავსულვარ! გამაგდეს! დაკვეთა ზემოდან მოდიოდა - თსუ-ს მედიის კოლეჯის ექს-დირექტორი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის დამფუძნებელი და ყოფილი დირექტორი ზურაბ ოშხნელი აცხადებს, რომ თანამდებობა საკუთარი სურვილით არ დაუტოვებია და მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, „ზემოდან“ იყო მიღებული.
70 წლის ოშხნელი, რომელმაც ჯერ კიდევ 1989 წელს შექმნა „საყმაწვილო-სატელევიზიო სტუდია“, მოგვიანებით კი მის ბაზაზე თსუ-ს მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯი ჩამოყალიბდა, ამბობს, რომ დირექტორის თანამდებობიდან მიზეზის განმარტების გარეშე გაუშვეს.
უპირველეს ყოვლისა, მადლობას ვუხდი ყველა ჩემს ნათესავს, მეგობარს, კოლეგას და სტუდენტს ჩემი და კოლეჯის დაბადების დღის მოლოცვისთვის!
აქვე, თავს ვალდებულად ვთვლი, რამდენიმე კომენტარი გავაკეთო სოციალურ ქსელებში (და არა მარტო) ბოლო დღეებში ჩემთან და კოლეჯთან მიმართებით გააქტიურებულ საკითხზე - “რატომ წავიდა ზურა კოლეჯიდან”
მე კოლეჯიდან არ წავსულვარ! გამაგდეს! გამაგდეს ისე, რომ იმის ღირსადაც არ ჩამთვალეს მიზეზი ეთქვათ! გამაგდეს ე.წ. საკონკურსო შერჩევის ფორმით, მესამე მცდელობისას. პირველი ორი მათთვის უშედეგოდ დასრულდა, რადგან მოტყუებით მიყვანილმა კანდიდატებმა რეალობის გაგებისას უარი განაცხადეს ჩემი ადგილის დაკავებაზე. ვაფასებ მათ ღირსეულ გადაწყვეტილებას!
მესამე მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა - შვიდი თვის ძებნის შემდეგ, რის ვაი-ვაგლახით მონახეს კოლეჯის დირექტორის სკამის (ჩემი „გათლილი“ სკამის) დაკავების მსურველი! შესაბამისად, საკონკურსო კომისიას მხოლოდ მისი „გაპრავების“ ვალდებულებაღა დაუტოვეს!
მე არ ვიცი ამ გადაწყვეტილებით ვისი დაკვეთა შესრულდა! მკითხაობას ვერ დავიწყებ, თუმცა ზოგიერთი მოვლენის და ამ საქმეში მეტ-ნაკლებად გარეული ადამიანების გამონათქვამებით თუ ვიმსჯელებ, დავალება „ზემოდან“ მოვიდა!
მე არასდროს მიმუშავია „ზემოთ“ და არც რომელიმე პარტიის წევრი ვყოფილვარ; ამიტომ არ ვიცნობ შიდა სახელისუფლებო თამაშებს! თუმცა, 1989 წლიდან მოყოლებული, ყოველთვის ვცდილობდი მეთანამშრომლა ქვეყნის მმართველ პოლიტიკურ ძალასთან პროფესიული განათლების პოპულარიზაციისა და განვითარებისთვის; ჯამში, ვიმუშავე განათლების 22 მინისტრთან; - იყო კომუნიკაცია, იყო აზრთა სხვადასხვაობაც, იყო გაუგებრობებიც, მაგრამ ყველამ იცოდა რომ ვაკეთებდი ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვან საქმეს და არაფერს პირადულს! იგივე შეიძლება ითქვას „ქართული ოცნების“ დანიშნულ განათლების რამდენიმე მინისტრზეც.
არაკომპეტენტური პირების მხრიდან იმის მტკიცება, რომ „ავტორ ოპერატორი შეცვალა ვიდეოოპერატორმა და ამით არაფერი შეცვლილა“, აბსურდულია! მე განათლებაში მოვედი 33 წლის ასაკში - მას შემდეგ, რაც საუნივერსიტეტო აკადემიური და პროფესიული განათლების მიღების შემდეგ 12 წელი ვიმუშავე მეცნიერებათა აკადემიის სამთო მექანიკის ინსტიტუტში გეოფიზიკოსად და ვმონაწილეობდი საერთაშორისო პროექტში ჩეხ და პოლონელ კოლეგებთან ერთად ტყიბულში, ახალ ათონში, ნორილსკში (რუსეთი), პოლონეთსა და ჩეხეთში ლოკალური სამთო დარტყმების (ლოკალური მიწისძვრების) პროგნოზირების აქტუალურ საკითხების კვლევისა და ინსტრუმენტალიზაციის მიმართულებით. ამდენად, ჩემი აკადემიური კომპეტენციები 1989 წლისთვის უკვე მაძლევდა ქვეყანაში სრულიად ახალი საგანმანათლებლო არაფორმალური და ფორმალური განათლების მიმართულებით სამი სასწავლებლის შექმნისა და მართვის შესაძლებლობას. რაც შეეხება ჩემს პროფესიულ განათლებას - მეამაყება, რომ როგორც დოკუმენტური და სამეცნიერო ფილმების ავტორ-ოპერატორმა ვიმუშავე ისეთ რეჟისორებთან, როგორებიც არიან ბატონები გიორგი ებრალიძე, გია ჭუბაბრია და მერაბ კოკოჩაშვილი!
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი იდეითა და ინიციატივითაა შექმნილი კოლეჯი, მინდა აქაც განვმარტო, რომ რომ არ ვაპირებდი სამუდამო დირექტორობას. ჯერ კიდევ თებერვალში, გასაუბრებაზე, მე ჩემს ერთ-ერთ პრიორიტეტად დავაყენე ჩემი შემცვლელი ახალგაზრდა და განათლებული კანდიდატის სამინისტროსთან ერთობლივად შერჩევის საკითხი! როგორც ჩანს, კოლეჯიდან ჩემი წასვლის ამ ვარიანტმა მხარდაჭერა არ მოიპოვა!
ყველას გასაგონად ვამბობ - კოლეჯი დიდი ხანია რაც აღარაა ჩემი კუთვნილება! ის ეკუთვნის სრულიად საქართველოს ყველა ახალგაზრდას, მის ყველა კურსდამთავრებულს და მასწავლებელს; ამდენად, ყველაფერზე, რაც წინამდებარე „გენიალური“ გადაწყვეტილების გამო კოლეჯში მოხდება, პასუხს კოლეჯის დასამარების აქტზე ხელმომწერები აგებენ!, - წერს ოშხნელი.
ოშხნელმა განცხადებას თან დაურთო დოკუმენტიც, რომელიც, მისი თქმით, ლეგალურად მოიპოვა. სავარაუდოდ, საუბარია კოლეჯის ახალი დირექტორის, ლევან ალიმბარაშვილის მიერ 22 სექტემბერს განათლების მინისტრ გივი მიქანაძის სახელზე დაწერილ განცხადებაზე, რომელშიც ის დირექტორად დანიშვნაზე თანხმობას გამოთქვამს.
დღეს არაფერს ვიტყვი პირზე, რომლის სურვილი, როგორც ვხვდები, მის უნარებს ბევრად აღემატება და ამის სადემონსტრაციოდ მხოლოდ ერთ ლეგალურად მოპოვებულ დოკუმენტს გამოვაქვეყნებ,-
წერს ოშხნელი.
გამოქვეყნებულ ხელნაწერ განცხადებაში რამდენიმე ორთოგრაფიული შეცდომაა. მათ შორის, სიტყვა „სახელმწიფოში“ თავდაპირველად დაწერილი ასო „შ“ „წ“-დ არის გადაკეთებული. შეცდომებია სიტყვებში „უნივერსიტეტი“ და „თანამდებობაც“.
თსუ-ს ამ დროისთვის საჯაროდ არ განუმარტავს, რა გახდა ზურაბ ოშხნელის თანამდებობიდან წასვლის მიზეზი. უნივერსიტეტს ასევე არ დაუდასტურებია ოშხნელის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის ავთენტურობა.