„გარედან დალაგებული სცენარი იყო" - კალაძე 4 ოქტომბრის მოვლენებზე
4 ოქტომბრის მოვლენებიდან ერთი წლის თავზე თბილისის მერი კახა კალაძე მომხდარს „გარედან დალაგებულ სცენარს“ უწოდებს და ამტკიცებს, რომ პროცესი უცხოეთიდან იმართებოდა. კალაძის თქმით, ევროპიდან არც მაშინ ყოფილა და არც მომავალში უნდა იყოს მოსალოდნელი რეაგირება იმ მოვლენებზე, რომლებსაც ხელისუფლება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად აფასებს.
პაატა ბურჭულაძის განცხადებაზე საუბრისას კი მერი ამბობს, რომ მისთვის „სერიოზულად პასუხის გაცემა“ შეუძლებელია.
პაატა ბურჭულაძეს როგორ შეიძლება, სერიოზულად უპასუხო? იქიდან გამომდინარე, მისი ქმედებები გავიხსენოთ, როგორ იქცეოდა ეს ადამიანი, რა განცხადებებს აკეთებდა და როგორ დაამთავრა. ნუ გვექნება იმის მოლოდინი, რომ ევროპიდან რაიმე რეაგირება მოჰყვებოდა, ან მოჰყვება მომავალში იმას, რაც 4 ოქტომბერს მოხდა, იმიტომ, რომ გარედან დალაგებული სცენარი და თემა იყო, გარედან იმართებოდა ეს პროცესი. თუ გახსოვთ, მთელი თვეების განმავლობაში კამპანია მიმდინარეობდა სახელმწიფო გადატრიალებასთან, ხელისუფლების დამხობასთან დაკავშირებით და არც მაშინ , მემგონი, არავის მოუსმენია, რომ ვინმეს აღნიშნული დაეგმო და არც მერე, როდესაც სცადეს, სისრულეში მოეყვანათ ეს ყველაფერი, - ამბობს კახა კალაძე.
სოციალურ ქსელში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პაატა ბურჭულაძის წერილი ვრცელდება, რომელშიც მსოფლიო ბანი ზუსტად ერთი წლის წინ, 2025 წლის 4 ოქტომბერს, თბილისის საკრებულოს წინ „ეროვნული კრების“ სახელით გამოცხადებულ დეკლარაციას იმეორებს. ბურჭულაძე წერს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ლეგიტიმაცია დაკარგა, ძალაუფლება ქართველ ხალხს ეკუთვნის და კვლავ ახსენებს მაშინ გაჟღერებულ მოთხოვნას - პასუხისგებაში მიეცეს ექვსი პირი: ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, მამუკა მდინარაძე, თეა წულუკიანი და ანზორ ჩუბინიძე.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 4 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად, თბილისში მრავალათასიანი ანტისახელისუფლებო აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორებმა თავისუფლების მოედანზე „ეროვნული კრების დეკლარაცია“ წაიკითხეს და განაცხადეს, რომ ხელისუფლებამ ლეგიტიმაცია დაკარგა. მოგვიანებით დემონსტრანტების ნაწილი ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის სასახლესთან გადავიდა, ჯებირები გაარღვია და სასახლის ტერიტორიაზე შესვლა სცადა. პოლიციამ მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი გამოიყენა. მოვლენებს შეტაკებები და დაკავებები მოჰყვა; თავდაპირველად დააკავეს აქციის ხუთი ორგანიზატორი, მათ შორის პაატა ბურჭულაძე.