თუ არ არის საფრთხის შემცველი, რას ყლაპავდა ან რა სპექტაკლებს დგამს? - შარმანაშვილი პატიმარ გიორგი დავითაძეზე
„ქართული ოცნებაში” ფიქრობენ, რომ პატიმარი, გიორგი დავითაძე სახელმწიფოს დაშანტაჟებას ფიქრობს.
კომენტარი ციხეთა სისტემაში ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა გააკეთა და თქვა, რომ "ეს ჩვეულებრივი სპექტაკლია."
შარმანაშვილმა თქვა ისიც, რომ დავითაძის საქმით ოპოზიცია შანტაჟის აგორებას ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.
"რა საგანი გადაყლაპა? თუ ეს საგანი ისეთი საფრთხის შემცველია, გადადი იმ საავადმყოფოში, რომელიც შემოგთავაზეს, ხომ? თუ არ არის საფრთხის შემცველი, რას ყლაპავდა ან რა სპექტაკლებს დგამს? - ჩემთვის ძალიან გასაგებია, მაგრამ რაღაც ბავშვური საქციელია", - ასეთია მმართველი პარტიის წევრის პოზიცია.
„ეს ჩვეულებრივი სპექტაკლია. მათ ჰგონიათ, რომ ასეთი ტიპის მოქმედებებით შანტაჟს გაუწევენ სახელმწიფოს, სახელმწიფო კი გამოაჩენს სისუსტეს, თავში ხელს შემოირტყამს და იტყვის: „კარგით, გადით გარეთ. მართალია, თქვენ რვა ტყვია ესროლეთ პოლიციას, მაგრამ მეორედ აღარ ესროლოთ, რა, აქედან რომ გახვალთ. დანარჩენი წადით და ამას დავივიწყებთ.“ ეს ასე არ მოხდება.
კადრებმა დაადასტურა, რომ ის წინააღმდეგობას უწევდა იმ პროცედურას, რაც დამკვიდრებულია. მათ ეგონათ, რომ ეს კადრები უკვე აღარ არსებობდა, იმიტომ რომ, როგორც წესი, ასეთი კადრები ადრე ერთი თვე, თვე-ნახევარი ან ორი თვე ინახებოდა. ეტყობა, ახლა წესი შეიცვალა და უფრო ხანგრძლივად ინახება. როდესაც ამ ნარატივების დაგროვება დაიწყო ამ ინსტიტუტის საწინააღმდეგოდ, უცებ საჯაროდ გამოქვეყნდა ეს ყველაფერი და ამას ნამდვილად არ ელოდნენ. რა საგანი გადაყლაპა? თუ ეს საგანი ისეთი საფრთხის შემცველია, გადადი იმ საავადმყოფოში, რომელიც შემოგთავაზეს, ხომ? თუ არ არის საფრთხის შემცველი, რას ყლაპავდა ან რა სპექტაკლებს დგამს? გაუგებარი რაღაცებია. არა, ჩემთვის ძალიან გასაგებია, მაგრამ რაღაც ბავშვური საქციელია. ასეთი შანტაჟებით სახელმწიფო არაფერს დათმობს, წარმოუდგენელია”, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
კითხვაზე, მისი აზრით, პატიმარმა დაიბრალა, რომ მასზე სექსუალურად იძალადეს? შარმანაშვილმა უპასუხა, რომ ვინც გავრცელებულ კადრებში „გაუპატიურებას ხედავს, ის აუცილებლად ოკულისტთან უნდა მივიდეს“.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუძახა და მის თვალწინ, სამეთვალყურეო ვიდეოკამერის დასანახად, დემონსტრაციულად, გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი.
უწყების მტკიცებით, აღნიშნულის გათვალისწინებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომი მონიტორინგის მიზნით, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეს შესთავაზეს გადაყვანა სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში“, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა.
თავად დავითაძე ამბობს, რომ ის N6 პენიტენციური დაწესებულებაში ბადრაგმა დეესკალაციის ოთახში გააუპატიურა.
თავის მხრივ სპეციალური პენიტენციური სამსახური ამტკიცებს, რომ მსჯავრდებულის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დეზინფორმაციაა.